24 ნოემბერი 2020,   19:39
ვრცლად
კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. მისივე თქმით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამირან გამყრელიძე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებასაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების ტემპი იმატებს და მან თითქმის მთელი მსოფლიოს ქვეყნები მოიცვა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიასთან დაკავშირებით დამატებით რეკომენდაციებს ხვალ გამოაქვეყნებს.

რეკომენდაციების სახით, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სიფხიზლისკენ, საერთაშორისო მგზავრობისთვის თავის არიდებისკენ და საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სპირტიანი დეზინფექტორების ხშირად გამოყენება, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის ხშირი დალაგება.

ამირან გამყრელიძის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რიგებისგან თავის არიდების მიზნით, გრიპის სიმპტომების მქონე ადამიანებმა შეინარჩუნონ ხშირი ვირტუალური კონტაქტი ექიმებთან და ფიზიკურად მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდნენ.

დღის ამბები