06 დეკემბერი 2020,   03:01
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც ცოლის მკვლელობა სცადა, მასზე სისტემატურად ძალადობდა და ემუქრებოდა - დაზარალებულის ახლობლები

ხაშურში, ქმრის მიერ დაჭრილ ახალგაზრდა ქალს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ქალს რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

მას რამდენიმე წამის განმავლობაში გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი ამუშავება შეძლეს. ექიმების თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ოპერაციის შემდეგ გაავრცელებენ.

"გულ-მკერდის და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები გახლდათ. ასევე, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით. დაუყოვნებლივ მოვათავსეთ საოპერაციო ბლოკში და ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ოპერაციის შედეგის მიხედვით, გვექნება ახალი ინფორმაცია, რომელსაც დამატებით მოგაწვდით,"-განაცხადა "ახალი კლინიკის" დირექტორმა კახა ხელაძემ.

"კურიერთან" საუბრისას დაზარალებულის მშობლები ჰყვებიან, რომ მამაკაცი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა. 

როგორც დაჭრილი ქალის ნათესავმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ახალგაზრდა ქალი ქმართან დაშორებას ცდილობდა, ხოლო 28 წლის მამაკაცი ცოლს გამუდმებით ემუქრებოდა. რესპონდენტის თქმით, მან ახალგაზრდა ქალს ურჩია, მუქარის საფუძველზე პოლიციისთვის მიემართა და შემთხვევა სწორედ ამის შემდეგ მოხდა. 

"ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ემუქრება. მუქარის მესიჯებს უგზავნის. არა მარტო მას, არამედ ყველას. ჩემთანაც აქვს დღეს მონაწერები, ამ გოგოს დასთანაც მიმოწერები აქვს, საშინელი მესიჯები გადმომიგზავნეს დილით. ბავშვები ტიროდნენ, რა ხდება გაგვაგებინეო. მერე ვუთხარი სალომეს, რომ წავიდეთ და საჩივარი დავწეროთ-მეთქი, უკვე ძალიან ზედმეტი მოსდიოდა და წამოვიყვანეთ, რომ საჩივარი დაეწერა. ამის შემდეგ, ისე უცაბედად მოხდა ყველაფერი, რომ არ ვიცი"- განაცხადა დაჭრილი ქალის ნათესავმა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში, 28 წლის მამაკაცმა 25 წლის ცოლის მკვლელობა სცადა და მას მუცლის არეში დანით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს პოლიციის თანამშრომელი შეესწრო, რომელმაც მამაკაცის შეჩერება და განიარაღება შეძლო. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები