06 დეკემბერი 2020,   03:56
ვრცლად
თბილისური ავანგარდის მნიშვნელოვანი ფიგურა - კირილე ზდანევიჩის ნამუშევრები "ბაია გალერეაში" გამოფინეს

თბილისური ავანგარდის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში - კირილე ზდანევიჩის ნამუშევრები "ბაია გალერეაში" გამოფინეს. ამ დრომდე კერძო კოლექციებში დაცული ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაციები ასე და ამ შემადგენლობით პირველად გამომზეურდება. ამასთან ერთად, ხდება ავტორის კატალოგიზაცია და ფოტოარქივის მომზადება.

ფუტურიზმი, კუბიზმი, დადაიზმი, ექსპრესიონიზმი - ავანგარდული მიმდინარეობები, რომლებიც ძირითადად მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, თავისუფალი ადამიანების შექმნილი ხელოვნება სწორედ კირილე და ილია ზდანევიჩებს სახელს უკავშირდება. პოლონური წარმოშობის ძმები დაიბადნენ თბილისში და სიცოცხლის ბოლომდე წარმოადგენდნენ საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტიზმის სიმბოლოს.

კირილ ზდანევიჩის ფერწერას "ორკესტრულს" უწოდებდნენ. მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობა და მსოფლიო ხელოვნებაში შეტანილი წვლილი უდიდესია. ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, 1912 წელს ზდანევიჩებმა ლე-დანტიუსთან ერთად მოძებნეს თბილისური აბრებისა და ფირნიშების ავტორი და სამყაროს გენიალური მხატვრის აღმოჩენა აუწყეს.

ფიროსმანის ნახატების  პირველი ფოტოები და კირილ ზდანევიჩის პირადი ნივთები მის შვილიშვილთან, მხატვარ ყარამან ქუთელაძესთან, ინახება, ისევე როგორც ორივე ძმის ბიოგრაფიული მეხსიერება. მხატვარმა გაუძლო ბოლშევიკების რეპრესიებს, დაჭერას, გადასახლებას და შეძლო დარჩენილიყო მუდმივ ავანგარდში. ის გახდა "ფუტურისტების სინდიკატის" და "41°"-ის წევრი.

ძმების საერთო იდეებს თბილისში ავრცელებდა პოეტი ილიაზდი, რომელიც პარიზში მოღვაწეობდა. ის კარგად იცნობდა ქართულ საფეიქრო წარმოებას, შანელისთვის ახალი დაზგა გამოიგონა. ტექნოლოგიური გაუმჯობესების გარდა, ზდანევიჩმა შექმნა მრავალი ორნამენტული მოტივი ახალი ნაჭრებისთვის, რომელსაც მოდის სახლი დღემდე იყენებს. ამის გარდა, ილიაზდი მართავდა შანელის ფაბრიკებს და აკეთებდა მისთვის ესკიზებს.

პაბლო პიკასოს მეგობარი საგამომცემლო საქმიანობასაც ეწეოდა. ცხოვრების ბოლო 35 წელი მან მიუძღვნა წიგნების გამოცემას პაბლო პიკასოსთან, ჟოან მიროსთან და ალბერტო ჯაკომეტისთან ერთად. ქართული ავანგარდის ფუძემდებლების ხელახალი აღმოჩენა სულ უფრო ახალ ცნობებს იძლევა მათ შესახებ.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები