27 იანვარი 2021,   01:54
ვრცლად
მკვლელობა საერთო კედლის გამო - ბრალდებული დუმილს ინარჩუნებს

მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გრიგოლ მეჯლუმიანს 2-თვიანი პატიმრობა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობით მიუსაჯა. მოცულობით საქმის მასალებში ბრალდების თქმით,  მტკიცებულებები მყარი და უტყუარია. მათ შორის ვიდეომასალა, რომელიც "კურიერმა" მომხდარიდან მალევე ექსკლუზიურად მოიპოვა და გაასაჯაროვა. ვიდეოში ჩანს გრიგოლ მეჯლუმიანი, რომელიც მალიკ მალიუდინის მიმართულებით დამიზნებით სამჯერ ისვრის.

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა მხოლოდ ის, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემთხვევაში ადგილიდან მიმალვას არ აპირებდა.

რადგან ბრალდებული დუმს, უფლებადამცველი საქმეზე დეტალურად ვერ საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ გასროლამდე გრიგოლ მეჯლუმიანს გარდაცვლილი ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა, რაც მოტივსა და ფაქტს არ ცვლის, თუმცა დაცვა ამ მიმართულებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

რა მოხდა ვიდეოს გადაღებამდე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა მკვლელობის მომენტი ვიდეოკადრებში კარგად ჩანს. სამოქალაქო დავა, რომელიც სასამართლოში უნდა გაგრძელებულიყო, ორ მეზობელს შორის ერთი წლის წინ ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

დოდაშვილის 17 ნომერში, სადაც პაკისტანის მოქალაქემ სახლი ააშენა, მანამდე ძველი შენობა იდგა, რომელიც დაინგრა. სწორედ ეს იყო კონფლიქტის მიზეზი, რადგან სახლს და მკვლელობაში ბრალდებულის ავტოფარეხს საერთო კედელი ყოფდა. არსებული ინფორმაციით, მეჯლუმიანებმა კედლის შეკეთება ბევრჯერ ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციაში განმარტავენ, რომ არც ერთ ოჯახს კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, ეს იყო სამოქალაქო დავა, სადაც გადაწყვეტილება მოსამართლეს უნდა მიეღო. ახლა 67 წლის მამაკაცს მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან, რისი დამტკიცების შემთხვევაშიც მას 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები