საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, მის მართვაში არსებული ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავების გამოყენებით, მალულად შემოიტანა 1851 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობა. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 411 962 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.