სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ზვიად რატიანთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო ზვიად რატიანის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც მათივე ცნობით ადასტურებს, რომ რატიანის კომუნიკაცია სხვა მსგავრდებულებთან შესაძლოა რისკის შემცველი იყოს:
"მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა.
საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში.
გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით." - ვკითხულობთ განცხადებაში.