84 წლის მამა არსენი სოფელ სანებელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის ბერია. ძამას ხეობაში 2008 წელს იმერეთიდან, ხარაგაულიდან ჩავიდა. ხალხისგან მოშორებით ყოფნამ და მონასტრის სიმშვიდემ მას აქ ახალი ცხოვრება დააწყებინა.
საერო ცხოვრებაში მისი ერთ-ერთი საქმიანობა ბაღში, ვენახში მუშაობა იყო. ამას მონასტერში წამოსვლის შემდეგაც აგრძელებს და მამა არსენსაც ვაზის რიგებს შორის მომუშავეს ხშირად ნახავთ. როგორც ამბობს, ვენახმა და მიწამ მას აქ ყოფნა კიდევ უფრო გაუადვილა.
მამა შიო მონასტერში მამა არსენზე ცოტა ადრე წამოვიდა. ისინი ძმები არიან და საეროს შემდეგ, სამონასტრო ცხოვრებაშიც ერთად არიან ჩართული.
სწორედ მისი შვილი, მამა თეოდოსი გახდა ამ ორი ადამიანის ბერებად აღკვეცის მთავარი მიზეზი. მამა თეოდოსი სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარია.
ტაძარში წირვა იწყება. სანამ ბერები მრევლთან იქნებიან, სახლში მეტრაპეზე რჩება, მამა თეოდოსი კი გზას ფეხით მიუყვება.
მონასტრის ტაძრის შენება მამა თეოდოსიმ ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო. საქმეში მისი ხარაგაულელი მეგობრებიც ჩაერთნენ. საშენი მასალა თითქმის მთლიანად იმერეთიდან შემოიტანეს.
სანებელში ნელ-ნელა ბერების რაოდენობაც გაიზარდა. სასულიერო ცხოვრების გარდა ყველა ერთად ჩართულია მონასტრის მშენებლობაშიც. ასევე მიმდინარეობს ტაძრის მოხატვაც.
მრევლიც დიდია. ხშირად ტაძარი მათ ვერ იტევს. ასე იყო აღდგომისწინა ზეთისცხებაზეც, ამიტომ, ყველაფერმა მონასტრის ეზოში გადმოინაცვლა.
აი ასეთია ერთი ოჯახის სამი წევრის ცხოვრება მონასტრის კედლებში, რომლებსაც თავად აშენებენ. თუ ძამას ხეობის სოფელ სანებელში შეივლით, მამა თეოდოსი იქაურობაზე კიდევ უფრო მეტს მოგიყვებათ.
ავტორი: გიორგი ქორქია