სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. მათივე ცნობით, ბრალდებული, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით.
ამ მიმართულებით ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ბრალდებული პირი, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.
კერძოდ, ბრალდებულმა სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა. მოცემულ ეტაპზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 19/180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.