09 აგვისტო 2026,   19:59
ვრცლად
ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი - მიხეილ ყაველაშვილი​

"შეხვედრისას ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა, რადგან ვიცით საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში, შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. ეს უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია და მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება იმით, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი და უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის გამოჩენილი, რომ ეს პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია შუა დერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფება. ბრატისლავაში, პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

იქამდე, გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, სლოვაკი კოლეგა საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ დელეგაციას მიესალმა. აჟღერდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი შეხვდება სლოვაკეთის ვიცე-პრემიერსა და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს.

დღის ამბები