08 ივნისი 2026,   10:03
ვრცლად
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის "კოკაინი", "ჰეროინი", "მეთადონი", "მდმა", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "ამფეტამინი", "კანაფი" და "მარიხუანა". ასევე, განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

თემასთან დაკავშირებით ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა. თენგიზ სისაურის განცხადებით, პროცესი, მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი სტანდარტის სრული დაცვით განხორციელდა.

"საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა, მათ შორის, "კოკაინი", "ჰეროინი", "მეთადონი", "ალფა-პვპ" და სხვადასხვა სინთეტიკური ნარკოტიკები.

აღნიშნული ნივთიერებები სხვადასხვა დროს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის ამოღებული და მათი საერთო ღირებულება, შავ ბაზარზე, 19 მილიონ ლარს აღემატება. პროცესი, მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი სტანდარტის სრული დაცვით განხორციელდა", - განაცხადა თენგიზ სისაურმა.

თემასთან დაკავშირებით, ისაუბრა პროკურორმაც. როინ ხინთიბიძის განცხადებით, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პროკურატურას მკაცრი მიდგომები აქვს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

"ჩატარდა მორიგი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნული ქმედება ტარდება სამ თვეში ერთხელ და მოსამართლის მიერ მიღებული, კანონიერ, ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გავანადგურეთ რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. პროკურატურას აქვს მკაცრი მიდგომა ნარკოტიკულ დანაშაულში ჩართული პირების მიმართ, მის რეალიზატორების, ხელშემწყობების მიმართ და აღნიშნული გაგრძელდება მომავალში", - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

 

დღის ამბები