ჩინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები საქართველოში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ჩამოვიდნენ. გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმასთან, ITB China-სთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
ჩინეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატში შეხვდნენ, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნის შესაძლებლობები განიხილეს.
გაცნობითი ტურის ფარგლებში სტუმრებმა საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება მოინახულეს. ჩინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ძველ თბილისს, მცხეთასა და მუხრანს ესტუმრნენ.
ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ქართული სამზარეულო და ღვინო - ჩინელი ტუროპერატორები ყველა იმ მიმართულებას გაეცნენ, რომელსაც საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ყოველთვის სთავაზობენ.
ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ჩინელი ტურისტებისთვის ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარებას. ITB China 2026-ზე, საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
6-დან 28 მაისამდე დაგეგმილ გამოფენაზე საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია და ქართული ღვინის 8-ათას წლიანი ტრადიცია.
გამოფენაში მონაწილეობას 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს. გაიმართება პრეზენტაციები, სამუშაო შეხვედრები, ღვინისა და ქართული კერძების მასტერკლასები და დეგუსტაციები.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი