ევროპაში მიგრაციის ძირითადი მიზეზები ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა, უმუშევრობა და სიღარიბე, ავტორიტარული რეჟიმები და რეპრესიები, ასევე, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული შიმშილი და ჰუმანიტარული კრიზისია. არალეგალური მიგრაციის ძირითადი ნაკადი მოდის ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან და პაკისტანიდან, ასევე, აფრიკის ქვეყნებიდან - მალიდან, სენეგალიდან, გვინეიდან, ტუნისიდან და მაროკოდან.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში მიგრაციული ნაკადები შემცირდა, საკითხი კვლავ აქტუალური რჩება. ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის მონაცემებით, 2025 წელს, ევროკავშირის საზღვრებზე 167 000 არალეგალური კვეთა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.
თუმცა, სტატისტიკური კლება პრობლემას ვერ აგვარებს. ევროპული სახელმწიფოები კვლავ რთული დილემის წინაშე დგანან: როგორ გაამკაცრონ საზღვრების კონტროლი, და ამავე დროს როგორ შეუწყონ ხელი უკვე შემოსული მიგრანტების ინტეგრაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან.
მიგრაციულმა პროცესებმა ევროპის ქვეყნებში არაერთი სერიოზული პრობლემა შექმნა: მიგრანტთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ენის სწრაფად ათვისებას და შრომით ბაზარში ჩართვას, რის გამოც, ისინი ხშირად დროებით თავშესაფრებში ან გადატვირთულ ბანაკებში ცხოვრობენ. ეს ადგილობრივებში უკმაყოფილებას აჩენს და სოციალურ დაძაბულობის ზრდას.
მიგრაციის საკითხი ხშირად უკავშირდება კრიმინალის ზრდას და უსაფრთხოების პრობლემებს, რაც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პოლარიზაციას ამძაფრებს. ბევრ დიდ ქალაქში გაჩნდა უკანონო დასახლებები, გახშირდა ქუჩის კონფლიქტები და შემცირდა უსაფრთხოების განცდა.
არალეგალური მიგრაცია ევროპაში უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევად იქცა. კვლევების მიხედვით, ის პირდაპირ აძლიერებს ორგანიზებულ დანაშაულს: ადამიანების უკანონო გადაყვანის ბიზნესს, ტრეფიკინგს, დოკუმენტების გაყალბებას, კონტრაბანდას. მაგალითად, საბერძნეთის კუნძულებზე მოსახლეობაში მიგრანტების წილის 1 პროცენტით ზრდა უკავშირდებოდა დანაშაულის მაჩვენებლის 1.7-2.5 პროცენტით მატებას, განსაკუთრებით ქონებრივი დანაშაულისა და ძალადობრივი ინციდენტების.
ევროპაში არალეგალური მიგრაცია უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევად იქცა, კვლევების მიხედვით, ის ორგანიზებულ დანაშაულს პირდაპირ აძლიერებს. Openpolis-ის ანალიზის თანახმად, იტალიაში უცხოელთა მონაწილეობით დაფიქსირებული დანაშაულების 67.5 პროცენტი არალეგალურად მცხოვრებ პირებზე მოდის. არაერთი ანგარიში აჩვენებს, რომ გაზრდილია ექსტრემიზმისა და ტერორიზმის შესაძლო რისკები. Eurostat-ის მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირში 453 000 ადამიანს ოფიციალურად მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება, თუმცა მხოლოდ 110 000 გააძევეს.
ასეთ ვითარებაში გაძლიერდა ადამიანების უკანონო გადაყვანის ბიზნესი: ტრეფიკინგი, დოკუმენტების გაყალბება, კონტრაბანდა და შავი შრომითი ბაზარი.
ამ პროცესებმა პოლიტიკური ვითარებაც მნიშვნელოვნად შეცვალა. ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიზარდა ულტრამემარჯვენე ძალების გავლენა, გაღრმავდა პოლიტიკური პოლარიზაცია. უთანხმოება გაჩნდა ევროკავშირის შიგნითაც - წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა გადაინაწილონ მიგრანტთა რაოდენობა.
დღეს, ყველაზე დიდი დატვირთვა იტალიაზე, საბერძნეთსა და ესპანეთზე მოდის - ეს ქვეყნები პირველები არიან, ვისაც ზღვით მოსული მიგრანტების მიღება უწევთ. ზოგი ქვეყანა საზღვრების კონტროლს ამკაცრებს. მაგალითად, უნგრეთმა საზღვარზე ფიზიკური ბარიერი ააშენა და მიგრაციული ნაკადების შეზღუდვის მკაცრი პოლიტიკა დანერგა. მსგავს მიდგომას იყენებენ პოლონეთიც და ავსტრიაც.
ევროპაში მიგრაციის საკითხი არაერთ ხმაურიან შემთხვევას უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ლამპედუზა - იტალიის პატარა კუნძული, სადაც ათასობით ადამიანი ცდილობს აფრიკიდან ზღვით მოხვედრას. კუნძულზე დაახლოებით 6 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ 2023 წლის სექტემბრის პირველ კვირას, ამ კუნძულს 12 000- ზე მეტი, ზღვიდან შემოსული მიგრანტის მიღება მოუწია. შედეგად, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა მუდმივად გადატვირთულია, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას და დაპირისპირებას იწვევს. ჯამურად, მხოლოდ 2023 წელს, იტალიამ 150 000-ზე მეტი არალეგალურად შემოსული მიგრანტი მიიღო.
მიგრაციული კრიზისის ყველაზე ტრაგიკული ადგილი ხმელთაშუა ზღვის მარშრუტია. 2014 წლის შემდეგ, ხმელთაშუა ზღვაში 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: სანდრო სანაია