19 ივნისი 2026,   03:56
ვრცლად
ბრიტანეთის მეფის ძმა დაკავებულია - სამეფო ოჯახი, თავისი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სკანდალშია

 

სანდრინგემის სასახლეში პოლიცია გამთენიისას მივიდა. სასამართლო ორდერის შინაარსი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორს ოფიცრებმა გააცნეს. ხელბორკილები დაადეს და საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.

მალევე გაირკვა, რომ ბრიტანეთის მონარქის ძმის და იორკის ყოფილი ჰერცოგის დაკავების მიზეზი მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გახდა.

გამოძიების ვერსიით, პრინცი ენდრიუ, 15 წლის წინ ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლის პოსტზე მუშაობისას, ამერიკელ ფინანსისტს და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინს კონფიდენციალურ მონაცემებს აწვდიდა.

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორს და ჯეფრი ეპშტეინის კავშირების შესახებ წერს საერთაშორისო მედიაც. ცნობილია, რომ პრინცი პედოფილიაში ბრალდებულ ფინანსისტთან წლების განმავლობაში მეგობრობდა და ურთიერთობა არც მაშინ შეუწყვეტია, როდესაც 2008 წელს ეპშტეინი არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ დანაშაულებში პირველად ამხილეს.

ეპშტეინთან მეგობრობამ ენდრიუს ყველა ოფიციალური პრივილეგია დააკარგვინა. 2019 წელს ის ჯერ სამეფო მოვალეობების შესრულებას ჩამოაშორეს, 2021 წელს სამხედრო წოდებები და „სამეფო უდიდებულესობის“ ტიტული ჩამოართვეს, ხოლო 2025 წელს, ჯუფრეს მემუარების გამოქვეყნების შემდეგ, მან იორკის ჰერცოგის ტიტულიც დაკარგა. დღეს კი გაირკვა, რომ მისმა ძმამ, მეფე ჩარლზ III-მ მხარი დაუჭირა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.

მედია, წერს, რომ ენდრიუს დაკავების საფუძველი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული ფაილები გახდა. გამოძიების ხელშია არქივში ნაპოვნი სკანდალური ფოტოებიც, რომლებშიც ყოფილი პრინცი ჩანს.

მომხდარი, ბოლო 400 წლის განმავლობაში, სამეფო ოჯახის წევრის დაკავების პირველი შემთხვევაა. მსგავსი ფაქტი 1647 წელს მოხდა, როდესაც მეფე ჩარლზ I დაატყვევეს და სიკვდილით დასაჯეს. მონარქების ბოლო წარმომადგენელი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, პრინცესა ანა იყო.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები