19 ივნისი 2026,   03:53
ვრცლად
ამერიკული და ისრაელის სამხედრო ძალების სამიზნე, შესაძლოა, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შტაბ-ბინა იყოს - New York Times

New York Times-ი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე და ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ესკალაციაზე წერს.

მედიის ცნობით, ამერიკული და ისრაელის სამხედრო ძალების სამიზნე, შესაძლოა, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შტაბ-ბინა იყოს, სამიზნეებს შორის ასევე შეიძლება იყოს მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტები, რაკეტების საწყობები, ბირთვული ობიექტები და სხვა. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სამიზნეების მასშტაბის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული.

მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალების სწრაფი განლაგება იმ დონემდე მივიდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა უკვე ამ შაბათ-კვირას აქვს, რაც თეთრ სახლს რთულ არჩევანს უტოვებს: დიპლომატია თუ ომი. ტრამპს ჯერჯერობით არ განუცხადებია რა გადაწყვეტილება მიიღო შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუმცა, ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტებისა და გამშვები დანადგარების წინააღმდეგ დარტყმის უნარის მქონე სამხედრო ძალის შექმნის მცდელობა ამ კვირაშიც გრძელდება, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის სამშაბათს გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისა, სადაც ირანმა დიპლომატიური გადაწყვეტის უფრო დეტალური წინადადებების წარდგენისთვის ორი კვირა ითხოვა.

პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ მოითხოვა, რომ ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, მათ შორის, ურანის გამდიდრებაზეც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის ქვეყანასაც პოტენციურად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს თავდასხმაში, მოითხოვს ქმედებებს, რომლებიც შეასუსტებს ირანის შესაძლებლობას, ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვას.

ამერიკული მედიის ცნობით, ისრაელის ჯარებმა, რომლებიც კვირების განმავლობაში მაღალ მზადყოფნაში იყვნენ, გააძლიერეს მზადება შესაძლო ომისთვის და ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა ხუთშაბათიდან კვირამდე გადაიდო. გასული წლის ივნისში, ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამა „განადგურებულად“ გამოაცხადა. თუმცა, ახლა ის საქმის გასაგრძელებლად ამერიკელი ჯარისკაცების უკან გაგზავნას განიხილავს.

მედია წერდა, რომ გასული წლის ივნისში აშშ-ისრაელის შეტევისგან განსხვავებით, ახლა ტრამპის მიზნები ნაკლებად ნათელია. ამასთან, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამერიკული სამხედრო ძალების გაძლიერება მოიცავს ათობით საწვავის გადამზიდ თვითმფრინავს, რომლებიც რეგიონში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი, 50-ზე მეტ დამატებით მოიერიშე გამანადგურებელს და ორ ავიამზიდ ხომალდს, რომლებსაც თან ახლავს მოიერიშე ხომალდები, კრეისერები და წყალქვეშა ნავები.

დღის ამბები