ამერიკელი სამხედროები მზად არიან ირანზე დარტყმების განხორციელება შაბათს დაიწყონ, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - ინფორმაციას "სი ბი ეს"-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის მონაცემებით, თეთრ სახლში პოტენციური დარტყმის შესახებ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს; განიხილება ესკალაციის რისკები, პოლიტიკური და სამხედრო შედეგები.
ინფორმაციას, რომ სამხედროები მზად არიან დარტყმა უახლოეს უქმეებზე განახორციელონ, CNN-იც ადასტურებს. მედიის ერთ-ერთი წყაროს მონაცემებით, თეთრ სახლში უკვე გაიმართა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თათბირი, რომელიც ირანში არსებულ სიტუაციას ეხებოდა.
ტრამპს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია თეირანთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ. ცნობილია, რომ პენტაგონს ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან პერსონალის ნაწილი დროებით გაჰყავს, ირანის მხრიდან მოსალოდნელი საპასუხო დარტყმების გამო.