ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სახელმწიფოა მსოფლიოში, სადაც პოლიტიკური პროცესებისა და ლიდერების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია დანარჩენი მსოფლიოსთვის უდიმალებით მოცულია. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიმ ჯონგ უნის ქალიშვილი - კიმ ჯუ ეი მოექცა. ის საჯაროდ სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება. სწორედ ეს გახდა საფუძველი ვარაუდისა, რომ შესაძლოა ქვეყნის მომავალი ლიდერი გახდეს.
Sky News-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახური (NIS) მიიჩნევს, რომ კიმ ჯუ ეი, რომელიც, სავარაუდოდ 13 წლისაა, უკვე მონაწილეობს შიდა პოლიტიკური საკითხების განხილვაში. გასული 1 წლის განმავლობაში მოზარდი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ - ის მამასთან ერთად ესწრებოდა ბალისტიკური რაკეტების საცდელ გაშვებებს. ხოლო 2025 წელს, ჩინეთში გამართულ "გამარჯვების დღის" სამხედრო აღლუმზე გამოჩენით, მისი საერთაშორისო დებიუტიც შედგა.
NIS-ის განცხადებით, დაზვერვა დააკვირდება, დაესწრება თუ არა კიმ ჯუ ეი მუშათა პარტიის მომავალ კონგრესს და მიენიჭება თუ არა მას ოფიციალური ტიტული.
სამხრეთ კორეელი პარლამენტარი ლი სონგ-ქვინი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადრე დაზვერვა კიმ ჯუ ეის აღწერდა, როგორც პიროვნებას, რომელსაც "მემკვიდრედ ამზადებდნენ", თუმცა ახლა ფორმულირება შეიცვალა და საუბარია იმაზე, რომ იგი "შიდა დონეზე უკვე დანიშნულია, როგორ ოფიციალური მემკვიდრე".
თუ კიმ ჯუ ეი მართლაც ქვეყნის ლიდერი გახდება, ეს კიმების დინასტიას მეოთხე თაობამდე გააგრძელებს.
რა ვიცით კიმ ჯუ ეის შესახებ
კიმ ჯუ ეის შესახებ ინფორმაცია უკიდურესად მწირია. მისი ასაკიც და სახელიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია მის სახელს არასდროს ასახელებს, თუმცა მას ხშირად მოიხსენიებს როგორც კიმ ჯონგ უნის "ყველაზე საყვარელ" ან "ყველაზე პატივცემულ" შვილს.
სამხრეთ კორეის მედიაში იყო ვარაუდი, რომ კიმ ჯუ ეი კიმ ჯონგ უნის სამი შვილიდან შუათანაა და რომ უფროსი შვილი ვაჟია. თუმცა ანალიტიკოსები ამ ინფორმაციას სკეპტიკურად უყურებენ და აღნიშნავენ, რომ ამ ცნობების სანდოობა საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
ჩრდილოეთ კორეას არც ის დაუდასტურებია, ჰყავს თუ არა კიმ ჯუ ეის და-ძმა.
არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ კიმ ჯუ ეი იყო ის ბავშვი, რომელსაც ამერიკელი კალათბურთელი დენის როდმანი, 2013 წელს ფხენიანში ვიზიტის შემდეგ "კიმის პატარა ქალიშვილად" მოიხსენიებდა.
მოულოდნელი გამოჩენა, რომელმაც მსოფლიო დააბნია
კიმ ჯუ ეი პირველად საჯაროდ 2022 წლის ნოემბერში გამოჩნდა, როდესაც მამასთან ერთად შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის საცდელ გაშვებას დაესწრო.
ეს ფაქტი უცხოელი ექსპერტებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან არც კიმ ჯონგ უნი და არც მისი მამა - კიმ ჯონგ ილი, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში სრულწლოვანებამდე არ ჩნდებოდნენ.
2023 წელს მისი მეექვსე საჯარო გამოჩენის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსებმა Sky News-ს უთხრეს, რომ გარკვეული "ტენდენცია" უკვე იკვეთებოდა.
Associated Press-ის პირველი ბიუროს დამფუძნებელი ჩრდილოეთ კორეაში, ჟურნალისტი ჯინ ჰ.ლი აღნიშნავს, რომ ღონისძიებები, რომლებზეც კიმ ჯუ ეი ჩნდება, ძირითადად დაკავშირებულია "შეიარაღებასთან და რაკეტებთან".
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ეპიზოდი იყო 2023 წლის თებერვალში გამართული სამხედრო ბანკეტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის არმიის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.
შემდეგ კიმ ჯუ ეის გამოჩენა უკვე სისტემატური გახდა. ის დაესწრო:
სარაკეტო გამოცდებს
სამხედრო აღლუმებს
სამხედრო-საზღვაო გამანადგურებლის გაშვებას 2024 წლის აპრილში
ვონსანის საკურორტო კომპლექსის ოფიციალურ გახსნას ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე
კონცერტს
რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვასთან შეხვედრას
რამდენად რეალურია, რომ ის მამის მემკვიდრე გახდეს?
სამხრეთ კორეის კერძო კვლევითი ცენტრის Sejong Institute-ის ანალიტიკოსი ჩონ სონგ-ჩანი ამბობს, რომ კიმ ჯონგ უნს შესაძლოა სჯეროდეს, რომ მის ქალიშვილს აქვს საჭირო თვისებები და მედეგობა, რათა მომავალში ლიდერის როლი იტვირთოს.
"მამის გვერდით ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ყოფნა ნიშნავს, რომ ის ძალიან ადრეული ასაკიდან სწავლობს მმართველობის პრინციპებს და ამავე დროს ქმნის პირად კონტაქტებსა და გავლენის ქსელს," - აცხადებს ანალიტიკოსი.
თუმცა Sky News აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურს ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ყოველთვის ზუსტი პროგნოზების გაკეთება არ გამოსდის და მისი შეფასებები ზოგჯერ კრიტიკის საფუძველიც ხდება.
აქვს თუ არა მნიშვნელობა მემკვიდრის სქესს?
კითხვა, რომელიც ბევრს უჩნდება, არის - შეძლებს თუ არა ქალი ჩრდილოეთ კორეის ლიდერობას.
წარსულში სამხრეთ კორეის დაზვერვა და სხვა ოფიციალური პირები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა მკაცრად პატრიარქარული ძალაუფლების სისტემით იმართება. 1948 წელს სახელმწიფოს დაარსების შემდეგ ქვეყანას ყოველთვის კიმების ოჯახის მამაკაცები ხელმძღვანელობდნენ.
თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ რეჟიმისთვის მთავარი ფაქტორი არა სქესია, არამედ ე.წ. "პექტუს სისხლის ხაზი" - დინასტიური ლეგიტიმაცია, რომელიც კიმების ოჯახის წევრობას უკავშირდება.
"ქრომოსომების წყვილი, რომელსაც ადამიანი ატარებს, ამ სისტემაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ის კიმია - დინასტიის წარმომადგენელი," - აცხადებს დოქტორი ჰაუელი.
შეჯამება
კიმ ჯუ ეი - ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჯონგ უნის ქალიშვილი - ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო და სამხედრო ღონისძიებებზე. სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ის შესაძლოა უკვე მემკვიდრედ განიხილებოდეს და გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებშიც მონაწილეობდეს.
თუ ეს სცენარი მართლაც განხორციელდება, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მეოთხე თაობით გაგრძელდება და ქვეყანას შესაძლოა პირველად ქალი ლიდერი ჩაუდგეს სათავეში.
ავტორი: სანდრო სანაია