19 ივნისი 2026,   03:57
ვრცლად
განცხადებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე - ძირითადი აქცენტი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე გაკეთდა

მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია წელს ნამდვილად არასტანდარტულია, ამაზე ექსპერტები და მსოფლიოს წამყვანი მედიებიც თანხმდებიან. ამ სცენიდან, წინა წლებისგან განსხვავებით ორი დღეა კრიტიკა და მკაცრი გზავნილები ისმის. ყველა ღიად ამბობს, რომ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი მოშლილია, მსოფლიო გლობალიზაციის გეგმა კი ჩავარდნილი. ევროპამ და ამერიკამ, ლიბერალური სამყარო ვერ შექმნეს. საერთაშორისო ინსტიტუტებმა კი მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა პლანეტა დედამიწაზე ვერ უზრუნველყვეს.

კონფერენციის მონაწილე ლიდერთა ჩამონათვალი ვრცელია. თუმცა წელსაც, მსოფლიოს ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების გზავნილზეა კონცენტრირებული. მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოსტ-ცივი ომის ეპოქის ოპტიმიზმი, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებისა და გლობალური ვაჭრობის იმედზე იყო დაფუძნებული, ოფიციალურად "სტრატეგიული გამოფხიზლების" პერიოდით შეიცვალა. სახელმწიფო მდივნის განმარტებით, რეალობა, რომელიც შესაძლოა მტკივნეულად გამოიყურებოდეს მსოფლიოს მხრიდან - ცივ მიდგომას საჭიროებს. ხოლო, შეცვლილი თამაშის წესები - გაძლიერებულ ძალისხმევას მოითხოვს.

ევროპას, რომ ახლა გაძლიერება ისე სჭირდება, როგორც არასდროს - ამას ევროკომისიის პრეზიდენტიც ამბობს. ურსულა ფონ დერ ლაიენი იმ ახალი ევროპული საყრდენის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ევროკავშირს და მის პარტნიორ ქვეყნებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს გაუხსნის.

სანამ ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპისთვის ახალი საყრდენის შექმნაზე საუბრობს, საბოლოოდ გაირკვა, რომ ნატოში შეერთებული შტატების ჩართულობა შემცირდება და ის სრულად ორგანიზაციულ ნაწილზე გადაერთვება. ბავარიის დედაქალაქში შეკრებილ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს ეს ინფორმაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მიაწოდა. მარკ რუტემ სცენიდან - სრული ნდობა გამოუცხადა მარკო რუბიოსაც.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კვლავ განხილვის თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების გზები. ამ საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები დახურულს კარს მიღმა ერთმანეთსაც შეხვდნენ, თუმცა შეერთებული შტატების წარმომადგენელი მოლაპარაკებას არ დაესწრო. სანაცვლოდ, მარკო რუბიომ ჩინელ კოლეგასთან გამართა აუდიენცია. მეგა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა განიხილეს.

უკრაინის კრიზისზე ყურადღება გაამახვილა - საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობა. პარალელურ რეჟიმში, პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე.

მიუნხენში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე დასასწრებად, 120 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა. კონფერენციაზე, ძირითადი აქცენტი კი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე გაკეთდა.

დღის ამბები