უსაფრთხოების კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან "ფაქტობრივად არ არის, რაც დიდი შეცდომაა. მან იმედი გამოთქვა, რომ ჟენევაში მომავალ კვირას, შეერთებული შტატების შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები სერიოზული და შედეგიანი იქნება. ზელენსკიმ თქვა, რომ ომის დასრულება უკრაინის გაყოფით შეუძლებელია და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინას „ძალიან ხშირად“ სთხოვენ დათმობებზე წასვლას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას იმედი აქვს რომ დონალდ ტრამპი მოუსმენს და ომის დასრულებას დააჩქარებს.
"იმედი მაქვს, მომავალ კვირას დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრები სერიოზული და შინაარსიანი იქნება, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგჯერ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მხარეები სრულიად განსხვავებულ თემებზე საუბრობენ. ამერიკელები ხშირად უბრუნდებიან დათმობების თემას და ძალიან ხშირად ეს დათმობები განიხილება მხოლოდ უკრაინის და არა რუსეთის კონტექსტში. ილუზია იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ახლა ამ ომის რეალურად დასრულება, უკრაინის გაყოფით შეიძლება. ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება წინ უნდა უსწრებდეს ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებას. ეს გარანტიები პასუხობს მთავარ კითხვას: როდის დასრულდება ომი. იმედი მაქვს , რომ პრეზიდენტ ტრამპს ესმის ჩვენი, რომ კონგრესს ესმის ჩვენი და რომ ამერიკელ ხალხს ესმის ჩვენი,"- განაცხადა ზელენსკიმ.