19 ივნისი 2026,   03:57
ვრცლად
უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში - მარკო რუბიომ დელეგატებს უკვე მიმართა და ვრცელ გამოსვლაში აქცენტები, მსოფლიოში არსებულ რეალობაზე გააკეთა

მიუნხენში უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია გრძელდება. დღეს გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღეა. მიუნხენის კონფერენციას 50 სახელმწიფოს მეთაური, 120 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები ესწრებიან.

62-ე ფორუმზე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს. კონფერენციის მეორე დღის მთავარი მოვლენა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვით გამოსვლაა.

მარკო რუბიომ დელეგატებს უკვე მიმართა და ვრცელ გამოსვლაში აქცენტები, მსოფლიოში არსებულ რეალობაზე გააკეთა:

"მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ ცოცხლობს ამერიკელებისა და ევროპელების მეხსიერებაში, ჩვენ აღმოვჩნდით ახალი გლობალური კატასტროფის წინაშე. ისეთის, რომელსაც ახალი სახის განადგურების პოტენციალი ჰქონდა, უფრო აპოკალიფსური და საბოლოო, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე მომხდარა.

საერთო მიზანი გვქონდა - გაერთიანებულები ვიყავით არა მხოლოდ იმით, რის წინააღმდეგაც ვებრძოდით, არამედ იმითაც, რისთვისაც ვიბრძოდით. ერთად, ევროპამ და ამერიკამ გაიმარჯვა, კონტინენტი აღდგა, ჩვენი ხალხი აყვავდა. დროთა განმავლობაში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბლოკები - ცივილიზაცია კვლავ გაერთიანდა. ის სამარცხვინო კედელი, რომელმაც ეს ერი ორად გაყო, დაინგრა და მასთან ერთად დაინგრა ბოროტი იმპერიაც. მაგრამ ამ ტრიუმფის ეიფორიამ სახიფათო ილუზიამდე მიგვიყვანა.

გვეგონა, რომ ისტორიის დასასრულს მივაღწიეთ, გვეგონა, რომ ყველა ერი ახლა ლიბერალური დემოკრატია იქნებოდა, ვაჭრობითა და მხოლოდ კომერციით ჩამოყალიბებული კავშირები ეროვნულობას ჩაანაცვლებდა. გვეგონა, რომ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი, ეროვნულ ინტერესებს ჩაანაცვლებდა და საზღვრების გარეშე სამყაროში ვიცხოვრებდით, სადაც ყველა მსოფლიოს მოქალაქე გახდებოდა. ეს იყო სულელური იდეა, რომელიც უგულებელყოფდა როგორც ადამიანურ ბუნებას, ასევე უგულებელყოფდა 5 000 წელზე მეტი ხნის ჩაწერილი კაცობრიობის ისტორიის გაკვეთილებს, ეს ძვირად დაგვიჯდა. ამ ილუზიაში ჩვენ თავისუფალი და შეუზღუდავი ვაჭრობის დოგმატური ხედვა მივიღეთ.

სულ უფრო ხშირად ვაძლევდით ჩვენს სუვერენიტეტს საერთაშორისო ინსტიტუტებს, მაშინ როდესაც ბევრი ერი ინვესტიციებს ახორციელებდა მასიურ სოციალურ სახელმწიფოებში თავდაცვის უნარის შენარჩუნების ფასად. ეს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებმა ინვესტიცია ჩადეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფ სამხედრო გაძლიერებასა და საკუთარი ინტერესების განხორციელებაში. კლიმატის კულტის დასამშვიდებლად, ჩვენ საკუთარ თავს დავაკისრეთ ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც აღარიბებს ჩვენს ხალხს, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი კონკურენტები იყენებენ ნავთობს, ქვანახშირს, ბუნებრივ აირს, არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკის გასაძლიერებლად, არამედ ბერკეტად ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ,"- განაცხადა მარკო რუბიომ.

დღის ამბები