კანადა, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინცია, ტამბლერ-რიჯი, 13:20 საათი. პოლიციის განყოფილებაში ზარი ადგილობრივი სკოლიდან შევიდა. ძალოვნების დანაყოფებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადებმა შემთხვევის ადგილზე მობილიზება გამოძახებიდან ორ წუთში დაიწყეს.
მიზეზი, სასწავლო დაწესებულებაში შეჭრილი შეიარაღებული პირის მიერ მოწყობილი თავდასხმა გახდა.
სამართალდამცველებმა შენობის შიდა პერიმეტრზე სპეცოპერაცია დაიწყეს. სკოლიდან 175 მოსწავლის ევაკუაცია განახორციელეს და მიმდებარე ქუჩებზე მყოფ მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლის ბრძანება მისცეს.
4 საათიანი საპოლიციო ღონისძიების შემდეგ, სკოლის აუდიტორიებში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით მოკლული ექვსი ადამიანის ცხედარი იპოვეს. კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სკოლაში დაიჭრა, საავადმყოფოში გადაყვანისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.
თავდამსხმელის ვინაობა ამ დრომდე არ საჯაროვდება. როგორც მედია წერს, ის "კაბაში ჩაცმული მდედრობითი სქესის" არასრულწლოვანი იყო, რომელმაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავი სწორედ იმ იარაღით მოიკლა, რომლითაც თანატოლებს გაუსწორდა.
სამართალდამცავებმა ორი ცხედარი სკოლის მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. სავარაუდოდ, სკოლამდე, თავდასხმა ამ სახლის მაცხოვრებლებზე განახორციელა. გამოძიება ახლა ამ ორი თავდასხმის ერთმანეთთან კავშირს ადგენს.
ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე გაემგზავრა კანადის პრემიერ-მინისტრი. მარკ კარნიმ მომხდარ დანაშაულს "ძალადობის საზარელი აქტი" უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ქალაქი ტამბლერ-რიჯი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 2,400 ადამიანს შეადგენს, ვანკუვერიდან ჩრდილოეთით 600 მილზე მეტითაა დაშორებული და ალბერტას საზღვართან მდებარეობს. პროვინციის მთავრობის ვებსაიტის მიხედვით, ტამბლერ-რიჯის საშუალო სკოლაში 200-მდე მოსწავლე სწავლობს, მე-7-დან მე-12 კლასამდე, რომელთა ასაკი 12-დან 18 წლამდეა.
კანადაში მომხდარ თავდასხმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები გამოეხმაურნენ.
მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.