19 ივნისი 2026,   03:42
ვრცლად
შოუ, რომელსაც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 140 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა - Super Bowl-ის 60-წლიან ისტორიაში ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც არტისტებმა საკუთარი გამოსვლა პოლიტიკურ მანიფესტად აქციეს

პუერტო რიკოს სიმბოლოებით გაფორმებული სცენა, მინდვრებში მომუშავე ადამიანები, დომინოს მოთამაშეები, პირაგუას სტენდი, ადგილობრივი ვაჭრები და პუერტო-რიკული სახლის ანალოგი - Super Bowl-ის 60-წლიან ისტორიაში ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც არტისტმა საკუთარი გამოსვლა პოლიტიკურ მანიფესტად აქცია. ამერიკული სპორტის უდიდეს მუსიკალურ სცენას ახალი გმირი - ესპანურენოვანი და ცხადად იმიგრაციის მხარდამჭერი - ბედ ბანი ჰყავს, რომელმაც საკუთარი სამშობლო გუშინ ამერიკის საფეხბურთო ლიგის ფინალის ყოველწლიურ, შესვენების შოუზე წარადგინა.

ბედ ბანიმ გულშემატკივარს სიტყვითაც მიმართა. მან ესპანურად თქვა, რომ Super Bowl-ის სცენაზე ყოფნა საკუთარი თავის რწმენის შედეგია და აუდიტორიასაც მოუწოდა, საკუთარ ღირებულებაში ირწმუნონ.

შოუმდე რამდენიმე დღით ადრე, არტისტმა თიზერი გამოაქვეყნა, სადაც მაყურებელს დაჰპირდა, რომ "მსოფლიო იცეკვებდა" - ასეც მოხდა. მასთან ერთად სცენაზე ქარდი ბი, ჯესიკა ალბა, პედრო პასკალი და ქეროლ ჯი გამოჩნდნენ.

მილიონობით მაყურებლის წინაშე მოულოდნელად ლეიდი გაგა გამოვიდა, რომელმაც სალსას რიტმებზე "Die With A Smile" შეასრულა. გაგას კაბას პუერტო რიკოს ეროვნული ყვავილი ამშვენებდა. ეს ყველაფერი კი რეალური ქორწილის სცენის ფონზე მიმდინარეობდა.

პერფორმანსის დროს მუსიკალური ნომერი რიკი მარტინმაც შეასრულა.

პოლიტიკური გზავნილი განსაკუთრებით მკაფიო გახდა სიმღერა "El Apagón-ის" შესრულებისას. სცენოგრაფიაში გამოყენებული იყო აფეთქებული ელექტრობოძები — პუერტო რიკოს ქრონიკული ენერგო კრიზისის სიმბოლოდ.

13-წუთიანი პერფორმანსი მთლიანად ესპანურ ენაზე მიმდინარეობდა. ინგლისურად მხოლოდ ლეიდი გაგა მღეროდა. დასასრულს ბანიმ ინგლისურად მიმართა აუდიტორიას, ჩამოთვალა ამერიკის კონტინენტების ქვეყნები და ხაზი გაუსვა, რომ "ამერიკა" მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ ნიშნავს.

ბოლოს კი ეკრანზე წარწერა გამოჩნდა - "სიძულვილზე უფრო ძლიერი მხოლოდ სიყვარულია" - ფრაზა, რომელიც მან ცოტა ხნით ადრე Grammy-ს ცერემონიაზეც გამოიყენა. გასულ კვირას მან 2026 წლის Grammy-ის დაჯილდოებაზე ისტორია დაწერა და პირველი ლათინო არტისტი გახდა, რომელმაც წლის ალბომის ჯილდო დაიმსახურა.

Super Bowl-ის  ისტორიაში ყველაზე ხმამაღალი გამოსვლა, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვასა და პროტესტის იდეას აერთიანებდა - ასე შეაფასა მსოფლიო მედიამ შოუ, რომელსაც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 140 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა.

Super Bowl-ის შესვენების შოუ ამ სახით პირველად POP-ის მეფემ მაიკლ ჯექსონმა შექმნა. სხვადასხვა დროს Super Bowl-ის სცენაზე ისეთი ლეგენდარული არტისტები იდგნენ როგორიც პრინცი, დაიანა როსი, მადონა ბიონსე და ჯგუფი როლიგ სტოუნია.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები