04 აგვისტო 2026,   08:39
ვრცლად
ფარული სამალავი ბინაში, ნარკოტიკით სავსე ჩანთა და დაკავებული ძმები - გახსნილი ნარკოდანაშაულის საქმე

სარეცხის მანქანის ქვეშ დამალული შავი ფერის ჩანთა ნარკოტიკით იყო სავსე, ორი მამაკაცი კი, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ძმები არიან. ოთახიდან გავიდნენ, თუმცა მალევე, ჩქარი ნაბიჯით უკან დაბრუნდნენ - ფარულ კადრებში ჩანს, რომ ისინი სამალავიდან აღებული ჩანთის თავიდან მოშორებას ცდილობდნენ. მათი დაბნეულობა ბინის კართან სამართალდამცველების მობილიზებამ გამოიწვია.

"კურიერის" ინფორმაციით, ბინაში მყოფი ძმები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და კარს არ აღებდნენ. სამართალდამცველები ბინაში სპეციალური საშუალებებით შევიდნენ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ხელბორკილები დაადეს.

ნარკოდანაშაულისთვის ძმები ალიევები არიან დაკავებულები. "კურიერისთვის" კონკრეტული დეტალები გახდა ცნობილი - ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათთან ბინაში მაშინ მივიდნენ, როდესაც ისინი "ალფა პვპ-ის" დაფასოებას და სარეალიზაციოდ გადატანას აპირებდნენ.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეციალური ოპერაცია რუსთავში ჩატარდა. ბინას საგამოძიებო მოქმედებების კვალი ახლაც ეტყობა, კარი დალუქულია.

ბინაში, სადაც ალიევები ცხოვრობდნენ, ჩხრეკა ჩატარდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ელექტროსასწორები, წებოვანი ლენტები და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც ნარკოტიკის დაფასოებისთვისაა საჭირო.

ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაკავებულები ახლა დუმილის უფლებას იყენებენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრების დასაკავებლად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ოპერატიული ღონისძიება ჩაატარეს, მათ შორის - ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც. იყვნენ თუ არა ნარკოდანაშაულებრივ სქემაში სხვა პირებიც ჩართული, ამის დასადგენად, პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.

20 და 25 წლის ძმებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები