პარლამენტში სპეციალური კომისია იქმნება, რომელიც ფასების რეგულირებაზე იმუშავებს. დადგენილების პროექტი ბიუროს წარედგინება. სხდომა ამ წუთებში იწყება.
მიმდინარე კვირას, პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭს უყრიან. უახლოეს დღეებში, შედგება კომისიის პირველი სხდომაც. კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. წევრთა რაოდენობასა და კვოტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაადგენს. სხდომები საჯარო იქნება.
პრემიერის ინიციატივით შექმნილმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. თავდაპირველად, აქცენტი იყო სურსათის ფასებზე, თუმცა შემდეგ მანდატი გაფართოვდა და შესწავლის საგანი გახდა მედიკამენტებისა და საწვავის ბაზარიც. ახლა კი, პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
თემასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, შესასწავლია პროცესი, თუ რა იწვევს მაღალ ფასნამატს.
მისივე თქმით, სხვადასხვა მიზეზის შემთხვევაში, არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის გამოყენებით, შესაძლებელია კონკრეტული პროცესების ოპტიმიზაცია.
"შეხვედრა გვექება სექტორში წამყვან კომპანიებთან. პირველადი მოხმარების საგნებისა და კვების ნაწილში შევხვდებით მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და საცალო ქსელის ოპერატორებს.
ჩვენი მიზანია, გავერკვეთ ბიზნესს პროცესებში. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში პირველადი მომხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ჩვენს მსგავს ქვეყნებში.
გვინდა, გავერკვეთ რა პროცესები იწვევს ძალიან მაღალ ფასნამატს. თეორიული თვალსაზრისით, შესაძლებელია განპირობებული იყოს მაღალი საოპერაციო ხარჯებით, კაპიტალის სიძვირით, ასევე ზებუნებრივად მაღალი მოგების მარჟებით. თითოეულის შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის გამოყენებით, შესაძლებელია კონკრეტული პროცესების ოპტიმიზაცია. იგივე პროცესები გვექნება მედიკამენტების ნაწილში, სადაც გვინდა, ღრმად შევისწავლოთ ბიზნესს პროცესები", - განაცხად შოთა ბერეკაშვილმა.