წვევამდელს ჯიბეში ყალბი სამედიცინო დოკუმენტის ჩადებას ერთ-ერთ ბრალდებული ავალებს - ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ვესტერნის ფილმის სცენარის განვითარებას, სავარაუდოდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ცდილობს, რომელიც ინსტრუქციას გასცემს, თუ როგორ უნდა აარიდოს ახალგაზრდამ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი.
ყალბი სამედიცინო დოკუმენტების დამზადება, ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და თაღლითობა - დანაშაულებრივი სქემა გაშიფრულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ხშირ შემთხვევაში წინასწარ შემუშავებული გეგმით კოორდინირებულად მოქმედებდნენ. წვევამდელებს ხან ყალბ ფორმა 100-ს უმზადებდნენ, რომ ჯარში არ წასულიყვნენ, ხან კი თითქოს ალტერნატიულ არასამხედრო შრომით სამსახურში ასაქმებდნენ.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულთა ნაწილი წვევამდელებს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდა. ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს 10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, ავანსად 5 000 ლარი გამოართვეს, თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს, რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადაღებული ფარული ჩანაწერები ბრალდებულების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. საგამოძიებო მოქმედებებში კი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, პროკურატურა და თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციაა ჩართული.
განსასჯელის სკამზე არიან მედიკოსებიც. გამოძიებით დადგინდა, რომ 4-მა ექიმმა 315 მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები დაუმზადა, რის საფუძველზეც მათ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ეს ფაქტი გამოკითხულმა 107-მა მოწმემ უკვე დაადასტურა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ახლა 7 სხვადასხვა საქმეზე მუშაობს. უკვე გამოვლენილია კორუფციული დანაშაულები ჩოხატაურისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. ბრალდებულთა შორის არიან მერიის თანამშრომლები, რომლებიც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ ათიათასობით ლარს და მიწის ნაკვეთს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.