გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. იმსჯელეს დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე. ადვოკატებმა ერთ-ერთი ბრალდებულის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს, თუმცა არც პროკურორი და არც მოსამართლე შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, საქმეში არსებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. 2025 წლის 1 ოქტომბერს პედაგოგ გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. მიყენებული დაზიანებების გამო, ის 23 დღე კომატოზურ მდგომარეობაში იყო, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ავალიანის საქმეზე 4 პირია დაკავებული.
ლევან სეფიაშვილი, ადვოკატი: "არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე განმარტავს შემდეგს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა იმდენად კანონიერი და დასაბუთებული იყო რომ, ვფიქრობ, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა. საბოლოოდ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმე გადასცემოდა არსებით განსახილველად."
ქეთი სონიძე, პროკურორი: "დღევანდელ სასამართლოზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. ამ შუამდგომლობას დაცვის მხარე ასაბუთებდა იმ არგუმენტით, რომ ბრალდებული შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, თუმცა ამას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და სასამართლოც დაგვეთანხმა ჩვენს დასაბუთებაში იმდენად, რამდენადაც შიმშილობა, ის რაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, ბუნებრივია, თავად ბრალდებულის გადასაწყვეტია, მიმართავს თუ არა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას ბრალდების მხარეს წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა არ არის გასათვალისწინებელი და გასაზიარებელი, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულად არის მობილიზებული და კარგად ორგანიზებული იმისთვის, რომ უზრუნველყოს ბრალდებულის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი უზრუნველყოფა სამედიცინო ჩარევით."