19 ივნისი 2026,   02:22
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციები მინესოტაში - მოქალაქეები საემიგრაციო პოლიციის მხრიდან კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობას აპროტესტებენ

ანტისაიმიგრაციო რეიდები უიტერის რაიონში გამთენიისას დაიწყო. ქუჩაში შეიარაღებული ძალოვნების გამოჩენას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებს შორის იყო ალექს პრეტი, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცრების ქმედებებს საკუთარი მობილური ტელეფონით იღებდა და სხვადასხვა საპროტესტო შეძახილსაც სკანდირებდა.

ნიკოლ ავენიუს ქუჩის კვეთაზე, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 37 წლის მამაკაცი სამართალდამცავებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაერთო. ძალოვნებმა მისი განეიტრალება სცადეს - სახეში ჯერ ქიმიური ნივთიერება შეასხეს, შემდეგ კი ძირს დააგდეს. ოფიცერმა, მოქალაქეს, 5 წამის განმავლობაში, 10 ტყვია დამიზნებით, ახლო მანძილიდან ესროლა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მინესოტაში მოკლული მეორე მოქალაქე მედიკოსი აღმოჩნდა, ის საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა. შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი ფედერალურ აგენტებს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და სამართალდამცავების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა.

მკვლელობის ოფიციალურ ვერსიაში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა არ არის მითითებული, რომ მოკლულს ინციდენტის დროს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და არა ცეცხლსასროლი იარაღი. მედიის ინფორმაციით, ფაქტი მინესოტას შტატში სამართალდამცველების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების და მოსახლეობის ნაწილის პროტესტის მიზეზი გახდა.

შტატის ხელისუფლებას მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი მინეაპოლისის ოპოზიციონერ მერს და მინესოტას "დემოკრატ" გუბერნატორს მოუწოდებს, უარი თქვან ფედერალური მთავრობისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. იუსტიციის დეპარტამენტმა კი ორივე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ცნობილია, რომ ტრამპის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის ოპონენტები ფედერალური საიმიგრაციო აგენტებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები.

მინესოტა ერთადერთი შტატი არ არის, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ და საბაჟო სამსახურის მიერ წარმოებული რეიდების შეჩერებას ითხოვენ. ქვეყნის ქალაქებში ათობით სხვადასხვა დემონსტრაცია იმართება, მიმდინარეობს შეტაკებები, ძალოვნები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ აირს, რეზინის ტყვიებს და ხელკეტებს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, დაკავებულია ათობით პირი.

დღის ამბები