ზღვა, როგორც ხმელეთი, ხის ნავი ყველაზე საიმედო მეგობარი - ასე იყო საუკუნეების წინ და ასეა დღესაც ლაზი მეთევზეებისთვის, რომლებიც აჭარაში თევზის ჭერის ტრადიციას აგრძელებენ.
ზამთრის პირზე ზღვაში თევზის განსაკუთრებული სახეობა - სარღანი, ლაზურად სარგანა მრავლდება. რაც უფრო ცივია წყალი, მეტია თევზიც.
ზღვაში უზარმაზარ ბადეს უშვებენ. პარაპათი, იგივე ზღვის ღობე - თევზაობის განუყოფელი ნაწილია.
ცოტაა, მაგრამ ძვირფასი - მეთევზეების ბადეში გაბმული სარღანი, როგორც გვითხრეს, ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო თევზია.
მეთევზის ყველაზე ერთგული და საიმედო მეგობარი ფელუკაა, ლაზური ნავი, რომელსაც საუკუნეების ისტორია აქვს. პატრონს 40 წელი ემსახურა, მერე დაზიანდა. თითქმის განადგურებული ნავი ლაზმა ოსტატმა შეაკეთა.
ის, ვინც მეთევზეს საიმედო მეგობარი - ხის ნავი გადაურჩინა, მირიან ნუმანიშვილია. ლაზური ნავის ერთადერთი მშენებელი, რომელიც საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. ხელობა, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტეს და დიდ შრომას მოითხოვს, ბაბუამ ასწავლა. ის ახლა 72 წლის წლისაა და თითქმის მთელი ცხოვრება ამ საქმეს დაუთმო.
ოსტატმა ის სახელოსნოც გვაჩვენა, სადაც ბაბუის დატოვებული ხელსაწყოებით, ნავებს ჭედავს. ლაზური ნავისთვის საჭირო წაბლის ხის შოვნა ჭირს, თუ მასალას მოიპოვებს, ახალი ნავის შენებას შეუდგება. სახელოსნო სანაპიროზეა მოწყობილი, მუზაც ზღვის ხმასთან ერთად მოდის.
72 წლის ოსტატს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტომ, ცოცხალი საუნჯის სტატუსი მიანიჭა, იმისთვის, რომ იუნესკოს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის - განსაკუთრებული ცოდნის მატარებელია.
"ცოცხალი საუნჯე", როგორც ლაზური ნავის ერთადერთი ოსტატი, მზად არის ცოდნა ახალ თაობას გადასცეს. იმედი აქვს, რომ სახელმწიფო თევზჭერის ტრადიციასაც განავითარებს და უნიკალური ნაკეთობისთვის საჭირო მასალაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება.
ლაზ ოსტატს იმედი აქვს, რომ მალე აქ, შავი ზღვის სანაპიროზე მისი მოწაფეების დამზადებული ფელუკები გამოჩნდება.