19 ივნისი 2026,   02:49
ვრცლად
სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება შეჩერდა - კრიტიკის მთავარი ადრესატი ურსულა ფონ დერ ლაიენია, რომელიც პროტესტის ცენტრში ორი მთავარი მიზეზით მოხვდა

ევროპარლამენტის წინ შეკრებილი ფერმერები მერკოსურის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ და რატიფიცირების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შეთანხმების დოკუმენტს ევროკავშირის სასამართლო განიხილავს. სწორედ ამიტომ, ახლა მეწარმეები ცდილობენ ევრობიუროკრატებსა და მოსამართლეებს აუხსნან, რატომ არის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყება წამგებიანი. როგორც ირკვევა, ბაზარზე იაფი და დაბალი სტანდარტის პროდუქციის შემოდინებით ადგილობრივი წარმოება არაკონკურენტუნარიანი ხდება და ფერმერებს გაკოტრება ემუქრებათ.

კრიტიკის მთავარი ადრესატი ურსულა ფონ დერ ლაიენია. ევროკომისიის პრეზიდენტი პროტესტის ცენტრში ორი მთავარი მიზეზით: პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილების მიღების ფორმის გამო მოხვდა. ექსპერტების ცნობით, ფონ დერ ლაიენმა გამოიყენა სპეციალური იურიდიული მექანიზმი, და შეთანხმება ორ ნაწილად გაყო, რაც კომისიას საშუალებას აძლევს, ვაჭრობის ნაწილი წევრ ქვეყნებში ეროვნული პარლამენტების თანხმობის გარეშე დამტკიცდეს. ამიტომ გაჩნდა მოთხოვნაც, საკითხი საკანონმდებლო ორგანოდან სასამართლოში გადასულიყო.

მერკოსურის სავაჭრო შეთანხმების გარშემო ქუჩაში ატეხილ ხმაურს რყევები მოჰყვა ევროპარლამენტშიც. ახლა, საკანონმდებლო ორგანოს ორი ჯგუფი - "პატრიოტები ევროპისთვის" და "მემარცხენეები" ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესისთვის ემზადებიან. ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა სტრასბურგში არახალია და მანამდეც ბევრჯერ გვინახავს. მართალია მათი უმეტესობა წარსულში წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ეს ის ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტია, რომლითაც კონსერვატორი დეპუტატები ბრიუსელის დიქტატის შეჩერებასა და ლაიენის გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა, ევროპარლამენტში, სავარაუდოდ, უახლოეს პლენარულ სხდომაზეა მოსალოდნელი. პარალელურად, პოლიტიკური წრეებიდან კრიტიკა მატულობს კაია კალასის მიმართაც. ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი - ბრიუსელის მოქმედ ხელმძღვანელობას ღიად მოუწოდებს, ეროვნული სუვერენიტეტისა და ღირებულების დაცვის პროცესს დაუბრუნდნენ.

დღის ამბები