19 ივნისი 2026,   03:43
ვრცლად
40-მდე დაღუპული და 152 დაშავებული - ესპანეთში, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა

40-მდე დაღუპული და 152 დაშავებული - ათობით მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია. კორდოვას პროვინციაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ უკვე 18 საათზე მეტია შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კატასტროფა ადგილობრივი დროით 19:45 საათზე მოხდა. ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც მადრიდის მიმართულებით მოძრაობდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა. საერთო ჯამში ორივე ბორტზე ავარიის დროს თითქმის 480 მგზავრი იმყოფებოდა.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზი. საქმეზე გამოძიება სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს. შეიქმნება საგანგებო კომისიაც. მედიამ გაარკვია, რომ რკინიგზის მონაკვეთს, იმ ნაწილში, სადაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა.

დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და ქვეყნის მონარქმა, ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსემ.

ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ რთულ დროს საქართველოს ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა. ესპანელ ხალხს სამძიმარი და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები