ევროპის სახელმწიფოების მიერ გრენლანდიაში, რამდენიმე დღით, რამდენიმე ათეული სამხედროს გაგზავნას პირველი შედეგი უკვე მოჰყვა. სადაზვერვო მისიაში მონაწილე ქვეყნების წინააღმდეგ ტრამპმა ტარიფების ამოქმედება დააანონსა და ევროპელი ლიდერები მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემისთვის გაუმართლებელი რისკის შექმნაში დაადანაშაულა.
ვაშინგტონის მიერ ევროპის რვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედების გადაწყვეტილებას იზიარებს შტატების სახაზინო მდივანი. სკოტ ბესენტმა ""ენ ბი სი-სთან"" ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ევროპა საკუთარი სისუსტის გამო კუნძულის დაცვას ვერ შეძლებს.
საპასუხო ქმედებებისთვის ემზადება ბრიუსელი. ევროგაერთიანება, შტატების წინააღმდეგ ტარიფებისა და ეკონომიკური ზომების დაწესებაზე მუშაობს. ""ფაინენშალ თაიმსის"" და ""როიტერსის"" ინფორმაციით, ზეწოლის შესაძლო ინსტრუმენტები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკვე შეათანხმეს. ქმედებებთან დაკავშირებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კი ბლოკის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღეში მიიღებენ. მედიის ცნობით, შეჯერებულ პოზიციას ტრამპს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წარუდგენენ.
თეთრი სახლის ეკონომიკურ მუქარას საერთო პოზიციით პასუხობს ელისეს სასახლე და დაუნინგ სტრიტი. საფრანგეთის პრეზიდენტის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გრენლანდიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება მიუღებელი და არასწორია.
საფრანგეთის და ბრიტანეთის პოზიციას იზიარებს გერმანიაც. ბრიტანული ""თაიმსი"" წერს, რომ, ტარიფების დაწესების შემთხვევაში, ბერლინმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, გერმანიაში სამხედრო ბაზების გამოყენების საფასური გაზარდოს. ჩამონათვალშია რამშტაინი და შტუდგარდი.
ცნობილია კოპენჰაგენის ოფიციალური პოზიციაც მიმდინარე ესკალაციის მიუხედავად დანია აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავს.
გრენლანდიის სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია დანიაში მასშტაბური დემონსტრაციის მიზეზი გახდა. სამეფოს კუთვნილ კუნძულთან დაკავშირებით თეთრი სახლის გეგმა ათასობით მოქალაქემ კოპენჰაგენში შტატების საელჩოს წინ გააპროტესტა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.