კალიფორნია, სანტა ანა - ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის შენობის წინ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა ხმის გამაძლიერებლის საშუალებით ძალოვნების მისამართით შეურაცხმყოფელი ლოზუნგების სკანდირება დაიწყეს და ამერიკის დროშა დაწვეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს თავდაპირველად დაშლისკენ მოუწოდეს, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები დაიწყეს. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სპეცრაზმელის მიერ ახლო მანძილიდან გასროლილი ჭურვი 21 წლის გოგონას სახის არეში მოხვდა.
მარცხენა თვალის დაკარგვა, თავის ქალის ძვლის მოტეხილობა და ჩარჩენილი ნამსხვრევები - დაჭრილი დემონსტრანტის გადარჩენას ექიმები საავადმყოფოში ექვსი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ოპერაციის შემდეგ დაშავებულმა გაარკვია, რომ მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ბრალიც წაუყენეს.
კალიფორნია ერთადერთი შტატი არ არის, სადაც საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრია მინესოტას შტატი - მინეაპოლისი. სწორედ ამ ქალაქში 7 იანვარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მჯდომ 37 წლის ქალს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.
მკვლელობის მიზეზად შტატების ხელისუფლება მოკლულის მიერ სამართალდამცველისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას ასახელებს. დემონსტრანტები კი საქმეზე გამოძიების ჩატარებას და საიმიგრაციო სამსახურის რეიდების შეჩერებას ითხოვენ. მიმდინარეობს შეტაკებებიც. ძალოვნები პროტესტის დასაშლელად პნევმატიკურ იარაღს, რეზინის ტყვიებს, ხელკეტებს და წიწაკის სპრეის იყენებენ.
დემონსტრაციების მიუხედავად შტატში ანტისაიმიგრაციო რეიდები გრძელდება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ დეპორტაციას ხელის შეშლას ცდილობდნენ, აკავებენ. სამართალდამცველებმა ამ მოტივით აქციების ათობით მონაწილე აიყვანეს.
ცნობილია, რომ შტატში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა მინესოტაში დამატებით ასობით ოფიცრის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. რეგიონში ჯამში 2 000 ოფიცერია მობილიზებული.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე