გამოსვლების მეთვრამეტე დღესაც, ირანში პროტესტი ვერც სიკვდილით დასჯის მუქარამ და ვერც აქციების დაშლისას ლეტალური ტყვიების გამოყენებამ შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციით და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ძალოვნებმა ქვეყნის 31-ივე პროვინციის 187 ქალაქში 20 000-მდე მოქალაქე მოკლეს.
"მოჰარები", "ღმერთის მტერები" - ამ ბრალდებას უყენებს ისლამური რესპუბლიკა დემონსტრაციებზე დაკავებულ მოქალაქეებს. მიმდინარე აქციებში მონაწილეობა ირანში სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, განაჩენის აღსრულებას ქვეყნის მასშტაბით, ციხეებში და იზოლატორებში, ახლა 18 434 მოქალაქე ელოდება.
ცნობილია, რომ სასამართლო პროცესების ნაწილი საჯარო იქნება, ირანის სამართლებრივი სისტემის ხელმძღვანელმა დღეს თქვა, რომ განაჩენების გამოტანა და სისრულეში მოყვანა უახლოეს პერიოდში დაიწყება. უკვე ჩაინიშნა პირველი განაჩენის აღსრულებაც. 26 წლის ერფან სოლტანს, თეირანის მახლობლად, ფარდისში დაკავებიდან ოთხი დღის შემდეგ, რამდენიმე საათში ჩამოახრჩობენ.
იმ შემთხვევაში, თუ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება პატიმრების სიკვდილით დასჯას დაიწყებს, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ ხისტ ზომებს მიიღებს. ტრამპმა საკითხზე ეროვნული უშიშროების გუნდთან შეხვედრა უკვე გამართა. მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლს, პენტაგონმა ირანზე დარტყმის ვარიანტები წარუდგინა. შესაძლო სამიზნეებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები სახელდება.
თეირანს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ესკალაციის ფონზე, სულ უფრო იძაბება ვითარება ახლო აღმოსავლეთში. "სქაი ნიუსის" და "როიტერის" მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში მდებარე საკვანძო ბაზებიდან პერსონალი გაჰყავს. ამის ფონზე, ისრაელის და არაბული ქვეყნების ხელისუფლებები, აშშ-ს ირანზე თავდასხმებისგან თავის შეკავებას ურჩევენ და "როიტერის" ინფორმაციით, ამტკიცებენ, რომ თავდასხმა უპრეცედენტო შედეგებს გამოიწვევს.
უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს ირანის ხელისუფლებაც. თეირანში გადაღებული კადრები ირანულმა სახელისუფლებო მედიამ დღეს გაავრცელა. ჩანაწერებზე ჩანს, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, ისლამური რესპუბლიკის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე და დაღუპული ძალოვნების დაკრძალვის ცერემონიაზე, გასული დღეებისგან განსხვავებით, დღეს ირანელი მაღალჩინოსნები არ გამოჩენილან. ტრადიციული საჯარო მიმართვის ნაცვლად კი, ირანის უზენაესმა ლიდერმა მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა.
ვიდრე ვაშინგტონი დემონსტრანტების მხარდაჭერის გეგმას დაამტკიცებს, ილონ მასკის კომპანიამ Space X-მა ირანელებისთვის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა ქვეყნის მასშტაბით უფასო გახადა. უკვე მერვე დღეა, რაც ირანში მიმდინარე არეულობის გამო ხელისუფლებამ ინტერნეტი გამორთო და სატელეფონო კავშირი ჩაახშო.