19 ივნისი 2026,   05:25
ვრცლად
მოლდოვა-რუმინეთის გაერთიანების გეგმა - რუმინეთი მზად არის ორი ქვეყნის გაერთიანების სცენარი მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილოს

მაია სანდუს განცხადების შემდეგ, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერს, ოფიციალური ბუქარესტის პასუხმაც არ დააყოვნა. რუმინეთი მზად არის ორი ქვეყნის გაერთიანების სცენარი მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილოს. რუმინეთის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მოლდოვის მომავალი სწორედ მოლდოველებმა უნდა გადაწყვიტონ.

ქართული ოპოზიციისა და აქტივისტების ნაწილისთვის, მოლდოვის რუმინეთთან შეერთება არა ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვა, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება. რადგან ითქვა ისიც, რომ მოლდოვა რუმინეთის ნაწილი იყო და მისი ჩამოშორება ხელოვნურად მოხდა.

მმართველ გუნდში დაისვა კითხვა - თუ მოლდოვა რუმინეთის ნაწილია, მაშინ რატომ იბრძვის ის ევროინტეგრაციისთვის, როგორც ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყანა? რამ მიიყვანა მოლდოვა ამ მდგომარეობამდე? - პასუხი "ქართული ოცნებისთვის" ბრიუსელის პოლიტიკაა, რომელიც ქვეყნებს დამოუკიდებლობაზე უარის სანაცვლოდ, ევროინტეგრაციას სთავაზობს.

მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია შემაშფოთებელია პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა სანდუს პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან "ქართული ოცნებისთვის" მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაცვაა.

მაია სანდუმ განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერს. ქვეყნის ლიდერმა აღიარა, რომ სულ უფრო რთული ხდება, მოლდოვის დამოუკიდებლად გადარჩენა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები