თურქმა მყვინთავმა, ნედიმ კურუმ, მარმარილოს ზღვის ფსკერზე, Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის კაბინა აღმოაჩინა, რომელიც 1975 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. ინფორმაციას თურქული მედია იტყობინება.
კურუ დიდი ხანია თვითმფრინავის გაუჩინარების ფაქტს იძიებს. თვითმფრინავი 1975 წლის იანვარში გაუჩინარდა, როდესაც სტამბოლში დაშვება ვერ შეძლო. ტრაგედიის მიზეზად ნისლი დასახელდა. სამგზავრო თვითმფრინავ Fokker 28-ის ბორტზე ჩამოვარდნის დროს 42 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა.
ამ დრომდე, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი უცნობი იყო. თუმცა, ბოლო წლებში მეთევზეები იუწყებოდნენ უცნობი თვითმფრინავის ფრაგმენტების შესახებ, რომლებიც მათ ბადეებში ხვდებოდა. კურუმ, წყალქვეშა დრონებისა და სონარის გამოყენებით, ჩამოვარდნის ადგილი, დაახლოებით 80 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინა. სწორედ იქ იპოვა მან თვითმფრინავის კაბინა.
თუ მყვინთავები ზღვის ფსკერზე თვითმფრინავის კუდის ნაწილს იპოვიან, შესაძლოა მათ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დადგენაც შეძლონ, რადგან სწორედ კუდში ინახება თვითმფრინავის "შავი ყუთი".