თეირანი, კაჰრიზაკის რაიონი... დემონსტრაციებზე მოკლულების ამოცნობას ოჯახის წევრები და ნათესავები სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობენ. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ, მოკლულების რაოდენობის გამო, პროზექტურის ეზო, ქუჩები და გზის სავალი ნაწილი სავსეა ცხედრებით.
ავტომატები, ლეტალური ტყვიები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და ხელკეტები - დემონსტრაციების დასაშლელად, ხელისუფლება, სპეციალურ საშუალებებთან ერთად, იყენებს საბრძოლო იარაღს. მოკლულია 544 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვია.
საერთაშორისო მედია, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ მსხვერპლის რაოდენობამ შესაძლოა 2000-ს მიაღწიოს. ირანის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, მოკლულებს შორისაა ისლამური რევოლუციის გვარდიის პოლკოვნიკი, მაჰდი რაჰიმი.
ციხეში უკვე 10 600-ზე მეტი ადამიანი მოხვდა. მათ შორის - არასრულწლოვნები. ირანის გენერალურმა პროკურორმა მომიტინგეები "ღვთის მტრებად" მოიხსენია, - ბრალდება, ირანის კანონმდებლობით, სიკვდილით ისჯება.
ძალადობრივი მეთოდებით პროტესტის ჩახშობის გამო, შტატების პრეზიდენტმა ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებები დააანონსა და არც სამხედრო დარტყმის შესაძლებლობა გამორიცხა. ტრამპის განცხადებით, თეირანმა "წითელი ხაზები" გადაკვეთა.
ტრამპის გაფრთხილებას მუქარით უპასუხა ოფიციალურმა თეირანმა. ირანის პრეზიდენტმა შტატები ქვეყანაში არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ, თუ პენტაგონი ირანში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, თეირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.
ისლამური სახელმწიფოს მიმართ გაჟღერებულ გაფრთხილებას მუქარით პასუხობს ირანის სულიერი ლიდერიც. სოციალურ ქსელში ალი ხამენეიმ ტრამპის კარიკატურა გამოაქვეყნა და ამერიკის პრეზიდენტს დამხობა უსურვა.
მიმდინარე არეულობის მოწყობაში, შტატებთან ერთად, ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ბრალდებებს ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ, ისლამური რესპუბლიკის დამხობის შემდეგ, ისრაელი და ირანი პარტნიორები გახდებიან.
თანამემამულეებს ამბოხისკენ მოუწოდა ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა და ოპოზიციის ლიდერმა. რეზა ფაჰლევიმ საკუთარ მიმართვაში ისლამური რესპუბლიკის დამხობის შესახებ გამოაცხადა და დემონსტრანტებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ მოუწოდა.
ირანის 31-ვე პროვინციის 185 ქალაქში აქციები და მასობრივი არეულობა უკვე 16 დღეა მიმდინარეობს. ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტი გამორთო და სატელეფონო კავშირი ჩაახშო. ამ ზომების მიუხედავად, მედიის შეფასებით, მიმდინარე პროტესტი, მასშტაბით, ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში უპრეცედენტოა.
გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც წლის ბოლოს ირანში ინფლაციამ 52%-ს მიაღწია. ვალუტის რეკორდული გაუფასურების ფონზე, მოქალაქეები ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მთავრობის გადაყენებას ითხოვენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე