19 ივნისი 2026,   02:48
ვრცლად
შეჭრა, იძულება, თავისუფალი ასოცირება ან სტატუს-კვო - ბრიტანულმა "TIMES-მა" ის ოთხი შესაძლო სცენარი დაასახელა, რომელიც გრენლანდიის სამომავლო სტატუსს ეხება

შეჭრა, იძულება, თავისუფალი ასოცირება ან სტატუს-კვო - ბრიტანულმა "თაიმსმა" ის ოთხი შესაძლო სცენარი დაასახელა, რომელიც გრენლანდიის სამომავლო სტატუსს ეხება. გამოცემის ინფორმაციით, ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კუნძულის ძალის გამოყენებით აღების შემთხვევაში, დანია ან მისი ევროპელი მოკავშირეები აშშ-ს სამხედრო წინააღმდეგობას არ ან ვერ გაუწევენ.

დანიისგან გრენლანდიის შეძენის საკითხზე მორიგი განცხადება ვაშინგტონში დღეს, ქეროლაინ ლევიტმა გააკეთა. თეთრი სახლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თემაზე აქტიურად მუშაობს, კუნძულის ფლობა კი, ამერიკას არქტიკის რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად სჭირდება.

ვაშინგტონმა კოპენჰაგენთან საკითხზე ოფიციალური შეხვედრა უკვე ჩანიშნა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები შემდეგ კვირას გაიმართება. მარკო რუბიო გრენლანდიის ტერიტორიის მიერთებისთვის ამერიკის მიერ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა. ჯეი დი ვენსი განმარტავს, რომ კუნძულს შტატებისა და მთელი მსოფლიოს ბირთვული და სარაკეტო უსაფრთხოებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას პასუხობენ დანიის საკანონმდებლო ორგანოში. ქვეყნის პარლამენტში გრენლანდიის წარმომადგენელი პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ ოფიციალურ კოპენჰაგენთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედებები შეშფოთებას იწვევს და გრენლანდიელი ხალხის მიმართ უპატივცემულობას წარმოადგენს.

დანიის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა დააფიქსირეს ევროპის სახელმწიფოებმა. ვაშინგტონს პარიზიდან მიმართეს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ამ დრომდე უცნობია, როგორ დასრულდება ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის გრენლანდიის საკითხზე მიმდინარე ესკალაცია. "პოლიტიკო" წერს, რომ, იურიდიული თვალსაზრისით, დანია შესაძლოა ვალდებული იყოს, ინტერვენციას სამხედრო ძალით უპასუხოს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები