ამერიკის სპეცოპერაციის შემდეგ, ვენესუელის ქალაქებში პოლიციამ და სამხედროებმა ბლოკპოსტები განალაგეს. დაწესდა კომენდანტის საათი - სპეციალური ნებართვების გარეშე, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება აეკრძალათ, შეიზღუდა შეკრებისა და მანიფესტაციის შესაძლებლობაც. დროებითი მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყანაში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დემონსტრაციებს მართავენ.
საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებასთან ერთად, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა - ვენესუელაში პატივს მიაგებენ იმ დაღუპული სამხედროების ხსოვნას, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტს ამერიკული სპეცრაზმისგან იცავდნენ. ოფიციალური კარაკასის ინფორმაციით, 3 იანვარს პენტაგონის იერიშებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - შეიარაღებული ძალების 20-ზე მეტი ოფიცერი.
ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, ოფიციალური კარაკასი ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას იწყებს. "ეი ბი სი ნიუსის" ინფორმაციით, ტრამპის კაბინეტის მოთხოვნაა, ვენესუელამ ნავთობის მოპოვების სფეროში მხოლოდ შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლოს და ვაშინგტონს ამ მიმართულებით ექსკლუზიური უფლებებიც მისცეს. ცნობილია, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე ნავთობს გადასცემს.
ვაშინგტონის მიერ ოფიციალური კარაკასისთვის წაყენებულ პირობებს შორის მხოლოდ სავაჭრო საკითხები არ არის. თეთრი სახლი ვენესუელას დროებითი პრეზიდენტისგან კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების შესრულებასაც ელოდება. ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნების სია "პოლიტიკომ" გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ დელსი როდრიგესმა ვენესუელიდან ნარკოტრეფიკინგის ნაკადები უნდა შეზღუდოს და ქვეყნიდან აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების წარმომადგენლები გააძევოს.
კარაკასში, ვაშინგტონის ქმედებებს აპროტესტებს ოფიციალური მადრიდი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პენტაგონის მიერ ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დაკავების ერთადერთი მიზეზი ქვეყნის ენერგეტიკული რესურსების მითვისება და ხელისუფლების ცვლილებაა.
ვიდრე მსოფლიო თანამეგობრობა ვენესუელას პრეზიდენტის დაკავების კანონიერებაზე მსჯელობს, ტრამპის ადმინისტრაცია სქემას ამუშავებს, რომელსაც "ენერგეტიკული მარშალის გეგმა" ეწოდება. დეტალები "ვოლ სტრიტ ჯურნალმა" მოიპოვა. ირკვევა, რომ თეთრი სახლის პროექტის მიხედვით, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ექსკლუზიური სავაჭრო ხელშეკრულებები ამერიკულ ნავთობმომპოვებელ გიგანტებთან - "შევრონთან", "ექსონმობილთან" და "კონოკო-ფილიპსთან" უნდა გააფორმოს.
ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ მარაგებს ფლობს. ცნობილია, რომ ქვეყანაში, რეზერვების სახით, 300 მილიარდ ბარელზე მეტი ინახება, რაც უფრო მეტია ვიდრე - საუდის არაბეთში, ირანში ან ერაყში. თეთრი სახლის განცხადებით, სწორედ უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები დახარჯავენ ინვესტიციების სახით მილიარდობით დოლარს ქვეყნის სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.