ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი - ჩამონათვალი ვრცელია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში ახალი წელი გრანდიოზულად აღინიშნა. იყო ფოიერვერკები, მილოცვები და საახალწლო ჟრიამული, რომლითაც ადამიანებმა ერთმანეთს 2026 წლის დადგომა ამცნეს.
ტრადიციულად, საახალწლო მილოცვები მოვისმინეთ ქვეყნების პირველი პირებისგანაც. მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებისა და კონფლიქტების ფონზე პრეზიდენტებმა და პრემიერებმა თავიანთ მიმართვებში აქცენტი თავდაცვის გაძლიერებასა და მშვიდობის პერსპექტივებზე გააკეთეს.
ახალ წელს კვლავ განგაშის სიგნალის ფონზე შეხვდნენ უკრაინაში. ჩაბნელებული ქუჩები, ფოიერვერკის გარეშე დათვლილი ბოლო ათი წამი შუაღამემდე და 1 იანვარი კალენდარზე, რომელიც ისევ უცვლელი კითხვით გადაიფურცლა - როდის დასრულდება ომი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას საახალწლო მიმართვაში ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც შეეცადა.
ომის დასრულებაზე არა, მაგრამ ომში გამარჯვების სურვილზე ისაუბრა საახალწლო მიმართვის დროს ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს 2026 წელი მიულოცა.
ახალი წელი აღინიშნა აღმოსავლეთ აზიაშიც. კონტრასტი განსაკუთრებით თვალსაჩინო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის იყო. თუ სეულში ადამიანები 2026 წლის დადგომას ქუჩებში გამოსულები აღნიშნავდნენ, ფხენიანში მოსახლეობა დიქტატორის, კიმ ჩენ ინის სადღესასწაულო მიმართვას ელოდებოდა.
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო მარ-ა-ლაგო - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენცია. სწორედ აქ აღნიშნა დონალდ ტრამპმა 2026 წლის დადგომა. სადღესასწაულო ღონისძიებაზე ის მეუღლესთან, შტატების პირველ ლედისთან ერთად მივიდა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ისურვებდა თეთრი სახლის ლიდერი 2026 წელს, მან მოკლედ უპასუხა.
ასეთი იყო 2025 წლის 31 დეკემბერი მსოფლიოში. 1 იანვარი სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა განწყობით დადგა - ზოგან ომით და მისი დასრულების იმედით, ზოგან კი მშვიდობის შენარჩუნებისა და განვითარების მოლოდინით.