გენერალური პროკურატურა ყოფილ მთავარ პროკურორზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს. წლის ყველაზე გახმაურებული, ლევან ჯანგველაძის, მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძე მთავარი ბრალდებულია. მოტივი - ანგარება, რის გამოც ქვეყნის ყოფილმა მთავარმა გამომძიებელმა გავლენიანი კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის, არანაკლებ გავლენიანი ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაუკვეთა.
ორგანიზებულ ჯგუფს, გამოძიების ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გეგმის ახალი დეტალები გაასაჯაროვა.
ყოფილი მთავარ პროკურორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლო მის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს, ოთარ ფარცხალაძე პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა.
100-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზები და ჩვენებები - ამ მტკიცებულებების ერთობლიობამ სამართალდამცველები მკვლელობის დამკვეთის კვლაზე გაიყვანა. რა გარემოებები გამოიკვეთა საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს.
ყოფილ მთავარ პროკურორს, პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად უკვე წარუდგინა. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება - ასეთია ბრალის ფორმულირება, რომელსაც ფარცხალაძის ადვოკატი გაეცნო.
გაგი მოსიაშვილმა დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, მასსა და ფარცხალაძეს შორის კომუნიკაცია შედგა. კითხვას - რა პოზიცია აქვს ბრალდებულს, ინტერესების დამცველმა თავი აარიდა.
ფარცხალაძის დაცვა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ბიზნესმენის ლიკვიდაციისთვის შემუშავებული გეგმა გამოძიებამ გაშიფრა. სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ ჯგუფს ყოფილი მთავარი პროკურორი ხელმძღვანელობდა. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზება მან მისთვის სანდო პირებს, დავით და გიორგი მიქაძეებს დაავალა. ძმები გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდნენ, ჯოხაძემ კი შემსრულებლად მისი დაცვის წევრი გელა უძილაური აირჩია. დადგენილია დანაშაულის ოფიციალური მოტივიც - ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს, ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ.
გელა უძილაურის განაჩენი 24 ოქტომბერს დადგა. ის უვადო პატიმრობაშია. ბოლო პროცესზე მკვლელობის შემსრულებელმა დანაშაული აღიარა და მომხდარი საკუთარ თავზე აიღო.
ვინ დაავალა გელა უძილაურს ლევან ჯანგველაძის ლიკვიდაცია და ვინ იდგა გახმაურებული მკვლელობის უკან? - ამ კითხვაზე პასუხს მოკლული ბიზნესმენის ოჯახი ამ დრომდე ელოდებოდა. დაზარალებული მხარე გამოძიების შედეგით კმაყოფილია. ჯანგველაძეების ადვოკატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქმის მასალებით დასტურდება.
გახმაურებული მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვები მიმდინარეობს. ორგანიზებული დანაშაულისთვის დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე ძებნაა გამოცხადებული.
რა აკავშირებთ ბრალდებულებს ოთარ ფარცხალაძესთან - დღეს ამ კითხვაზე პასუხი მათმა ადვოკატებმა გასცეს. დავით და გიორგი მიქაძეების ინტერესების დამცველი, ძმების ფარცხალაძესთან ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა, მათ შორის საქმიან კავშირს გამორიცხავს.
გახმაურებული მკვლელობის საქმის გახსნას დღეს პოლიტიკური შეფასებებიც მოყვა.
გახსნილი საქმე კარგია, ახლა მთავარი ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადირების პროცესია - აცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციაში.
რა სამართლებრივი პროცედურებია საჭირო ექსტრადირებისთვის - ეს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა. შალვა პაპუაშვილმა შინაგანს საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა. თქვა, რომ ახლა მთავარია დანაშაულთან კავშირში მყოფმა პირებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.
დანაშაული, რომელსაც ყოფილ მთავარ პროკურორს გამოძიება ედავება, 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის გახსნამდე, გამოძიება კონკრეტულ დეტალებს პერიოდულად ასაჯაროებდა. მათ შორის გაირკვა ისიც, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ჯერ კიდევ თებერვალში იგეგმებოდა. ეს მაშინ, როდესაც მსხვერპლი თბილისში ჩამოვიდა და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. მაშინ "ქილერმა" დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა, ამის შემდეგ ჯანგველაძეს მუდმივად უთვალთვალებდნენ. 14 მარტს კი საქართველოში რამდენიმე საათით ჩამოსულ ბიზნესმენს ქალაქის ცენტრში გელა უძილაურმა ცეცხლი გაუხსნა.