გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია "ფორმულას" უჩივის. კინორეჟისორი მედია ორგანიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს. ხაინდრავა რამდენიმე დეტალს გამოყოფს და ამბობს, რომ "შაბათის ფორმულას" მიერ მომზადებულ რეპორტაჟში დამახინჯებული იყო იმ ფილმის სცენარი, რომელმაც კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კინორეჟისორმა გამოყო, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ახაშენში, მის კუთვნილ მიწებს ეხება. ხაინდრავას თქმით, რეპორტაჟში საუბრობდნენ სახელმწიფოსგან ნაჩუქარ მიწებზე, რაც რეჟისორის ინფორმაციით ტყუილია. ხაინდრავა ამბობს, რომ მიწა 35 წლის წინ თავად შეიძინა. რეჟისორი ტელეკომპანიას მისი სხვა საკუთრების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებს.
ტელეკომპანიაში კომენტარის გაკეთება არ სურთ. "ფორმულამ" გოგა ხაინდრავას ბრალდებები დღეს უპასუხოდ დატოვა.
ტელეკომპანიის მსგავსად, გოგა ხაინდრავას ბრალდებებზე კომენტარი არ სურთ ოპოზიციაში. თავად რეჟისორი კი გეგმავს, რომ სამართლებრივი დავის პარალელურად, პარლამენტს ინიციატივით მიმართოს, რომ მედიის მხრიდან დეზინფორმაციისა გავრცელებაზე რეაგირება კანონით მოხდეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები უკვე არსებობს.
გოგა ხაინდრავა იურისტებთან კონსულტაციებს გადის და სარჩელს ამზადებს, რომელიც მისი თმით დონალდ ტრამპის მიერ "ბიბისის" წინააღმდეგ დაწყებული დავის ანალოგი იქნება. რეჟისორი სასამართლო პროცესების მოგების შემთხვევაში თანხის ჩარიცხვას გეგმავს იმ ფონდში, რომლის დაარსებასაც თავადვე აპირებს. ხაინდრავას ინფორმაციით, ფონდი ხელს შეუწყობს "მედიის მიერ დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული უფლებების აღდგენას".