პარასკევს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო, 10 ფიზიკური პირისა და 20 ამერიკული თავდაცვითი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის, Boeing-ის (BA.N) შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩინეთის ნაბიჯს, რომელიც ყინავს ამ კომპანიებისა და ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ აქტივს ჩინეთში და უკრძალავს ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს მათთან ბიზნესის წარმოებას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილ პირებს, მათ შორის, თავდაცვის კომპანია Anduril Industries-ის დამფუძნებელს და სანქცირებული კომპანიების ცხრა მაღალჩინოსანს, ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლაც ეკრძალებათ.