სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს. მისივე განცხადებით, სასამართლო სხდომის დახურვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, თუმცა ის მაინც დახურულ რეჟიმში წარიმართა.
"პროკურატურამ იშუამდგომლა სხდომის დახურვის თაობაზე. მათი არგუმენტებიდან გამომდინარე, არ უნდა ამომხდარიყო გარკვეული მოწმეთა ბაზის გამომჟღავნება - ამაზე მე ცალსახად დავაფიქსირე ის პოზიცია, რომ ზოგადად, აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, შინაარსობრივად არავინ არ შედის განხილვაში, თუ რომელი მოწმე რას მიუთითებს და ა.შ. აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ," - აცხადებს ადვოკატი
რობერტ გრიგალაშვილი.
პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება პროკურატურამ იმისთვის მიიღო, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.
"ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის - მათ შორის, თაღლითური "ქოლ-ცენტრების" მფარველობის საკითხი რაც, ბუნებრივია, იწვევს ძალიან დიდ ინტერესს. ეს არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაული - ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გრიგოლ ლილუაშვილს, ამ ეტაპისათვის, გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია მიწოდებული არ აქვს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისათვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს," - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.