ქართული მრავალხმიანობა, საუკუნეების განმავლობაში, ზეპირი ტრადიციით ინახებოდა — თაობიდან თაობამდე, ოჯახიდან ოჯახში. ეს არის კულტურა, რომელიც მუდმივ ცოცხალ კონტაქტს საჭიროებს. სწორედ ამ ცოცხალი ტრადიციის გამგრძელებელია ირაკლი მათიკაშვილი და მისი დაარსებული ყვარლის სალოტბარო სკოლაც.
უკვე ათწლეულებია, ლოტბარი ბავშვებს ქართულ მრავალხმიანობას აზიარებს ასწავლის.
ლოტბარის პროფესიული გზა ანსამბლ "რუსთავს" უკავშირდება. ამ ანსამბლში გატარებულმა წლებმა განსაზღვრა მისი დამოკიდებულება სიმღერისადმი — სიზუსტე, დისციპლინა, საშემსრულებლო ტრადიციის ღრმა ცოდნა და პატივისცემა.
ანსამბლ "რუსთავში" მუშაობა ირაკლი მათიკაშვილისთვის მხოლოდ პროფესიული გამოცდილება არ ყოფილა. ეს იყო სკოლა, სადაც სიმღერა ყოველდღიური შრომის, პასუხისმგებლობის და ტრადიციის შენარჩუნებისა და გადაცემის ფლაგმანს წარმოადგენდა. სწორედ რუსთავმა განსაზღვრა მისი სამუდამო სიყვარული ქართული ხალხური სიმღერისადმი.
დღეს, ირაკლი მათიკაშვილი ლოტბარი და პედაგოგია. იგი ხელმძღვანელობს მუსიკალურ კოლექტივებს, ასწავლის ახალგაზრდებს და ცდილობს, ქართული ხალხური სიმღერა დარჩეს ცოცხალ კულტურულ პროცესად და არამხოლოდ სცენურ ფორმად.
მისი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგიონული სასიმღერო მანერების დაცვაა. კახური, ქართლური თუ სხვა კუთხის სიმღერები მის შესრულებაში ინარჩუნებს ბუნებრივ ხასიათს და ტრადიციულ სიღრმეს.
ირაკლი მათიკაშვილის მრავალწლიანი შრომა და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილი წელს ყვარელშიც დაფასდა. მშობლიურ კახეთში მას ვარსკვლავი გაუხსნეს, როგორც ლოტბარს, პედაგოგსა და ქართული ხალხური სიმღერის ერთგულ მცველს.
ლოტბარისთვის სიმღერა მხოლოდ სცენაზე გამოსვლა არ არის. ეს არის მუშაობა ადამიანებთან, ხმებთან, ემოციებთან.
ქართული მრავალხმიანობა დღესაც ვითარდება — ახალი თაობების ხმებში, თანამედროვე სივრცეებში, მაგრამ ტრადიციულ საფუძველზე. ამ პროცესში ლოტბარის როლი შეუცვლელია - ის არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.
ირაკლი მათიკაშვილის საქმიანობა სწორედ ამ ხიდის გამაგრებას ემსახურება, რათა ახალ თაობას გადასცეს ქართული სიმღერის უნიკალური მეხსიერება და მრავალხმიანობა დარჩეს ცოცხალ კულტურად, რომელსაც მომავალშიც ექნება ხმა.