საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. დღეს გამოჰკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. პროკურატურა მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს.
"ადასტურებს ბრალდების მხარე იმას, რომ რომეო მიქაუტაძეს ეს დანაშაული მართლაც აქვს ჩადენილი. ეს დასტურდება იმ მოწმეებით, რომლებიც მოდიან სასამართლო პროცესზე. ბევრი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც ცალსახად დააფიქსირეს, რომ როდესაც რომეო მიქაუტაძე იყო საჯარო მოხელე, მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონოდ. გარდა ამისა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ სხვადასხვა მოწმეები, რომლებისგანაც შეიძინეს სხვადასხვა ძვირადღირებული ქონებები მიქაუტაძეებმა, და ასევე გამოიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც შეაფასეს ის ძვირადღირებული ქონება, რაც აქვს ბრალდების მხარეს დაყადაღებული და ამოღებული“, - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.