კორუფციული ბრალდებები და ულტიმატუმი, არჩევნების ჩატარების მოთხოვნით - ამერიკის პრეზიდენტი ოთხწლიანი ომის დასრულების მთავარ პირობად უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ასახელებს და ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღმა დარჩენილ უკრაინის პარტნიორებსაც აკრიტიკებს და ღიად აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებთან ხისტი დიალოგი ჰქონდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრალდებებს და მოთხოვნებს პასუხობს მთავარი ადრესატი. ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ მიმართვაში ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ სპეკულაციებს არ დაუშვებს და არჩევნების საკითხში ზეწოლა არ სჭირდება. ცნობილია, ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა, სადაც დეპუტატებს სამომავლო არჩევნებისთვის სამართლებრივი ბაზის მომზადება დაავალა.
ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. კიევმა ვაშინგტონს სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია გადასცა. ინფორმაცია ""აქსიოსმა"" საქმესთან დაკავშირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა. ირკვევა, რომ თეთრ სახლში ზელენსკის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ დოკუმენტში ტრამპის გეგმას შესწორებები და კომენტარები აქვს დართული. მოცემულია იდეები თუ რა სტატუსი უნდა ჰქონდეს სამშვიდობო გარიგების დადების შემდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.
ვაშინგტონთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ საუბრობს ოფიციალური მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ პროცესში კრემლის და თეთრი სახლის არსებული ყველა შესაძლო გაუგებრობა აღმოფხვრილია. სერგეი ლავროვის განმარტებით მხარეებმა უკრაინის უბლოკო და არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით ურთიერთგაგებას მიაღწიეს. კიდევ ერთი საკითხი, რაშიც მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ ""ფაინენშალ ტაიმსის"" ცნობით, ტერიტორიული საკითხია. კერძოდ გამოცემის ცნობით ახლა ვაშინგტონი მოსკოვს ბუფერული ზონის შექმნის მიზნით დონეცკიდან და ლუგანსკიდან სამხედროების გაყვანას არ სთხოვს.
სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის პარალელურად თეთრი სახლის ადმინისტრაცია ომის შემდგომ, მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთის დაბრუნების გეგმას ამუშავებს. ინფორმაცია ""უოლ სტრიტ ჟურნალმა"" გაავრცელა. გამოცემის მონაცემებით ევროპელმა ლიდერებმა საკითხთან დაკავშირებული ვაშინგტონიდან რამდენიმე დოკუმენტი უკვე მიიღეს. გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ ამერიკა ცდილობს გაყინულ რუსულ აქტივებზე წვდომა მიიღოს და 200 მილიარდი დოლარით უკრაინაში პროექტები განახორციელოს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.