04 აგვისტო 2026,   01:50
ვრცლად
"გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე, ბენეფიციარს შეუძლია, მიმართოს იმ ამბულატორიას, სადაც არის რეგისტრირებული" - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ეკატერინე შარაძე

გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, განმარტებას აკეთებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სპეციალისტები გრიპისმაგვარი ვირუსების შედარებით მატებას პროგნოზირებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, შემთხვევების რაოდენობა მაღალი არ არის. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ვაქცინაცია უსასყიდლოდ ჩაიტაროს. 150 000 ადამიანი უკვე აცრილია.

"ჩვენ მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს 23 სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსზე. ზამთართან ერთად, გრიპის მაგვარი ვირუსები და თვითონ გრიპიც, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა მატულობს. ჯერჯერობით, ავადობა არაა მაღალი - 250-იან 100 000 მოსახლეზე. ეპიდემიის ზღვარი ჩვენთან 500-მდეა, ასე რომ, ახლოს არ ვართ ჯერ. რა თქმა უნდა, ახლა კიდევ მოიმატებს - დეკემბრის ბოლოს ალბათ უფრო მეტი შემთხვევები გვექნება. პირველი და ძირითადი არის ის, რომ საუკეთესო ხარისხის ვაქცინაა ქვეყანაში. 150 000 ჩვენი თანამოქალაქე უკვე აცრილია," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ეკატერინე შარაძე აცხადებს, რომ გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე ბენეფიციარს შეუძლია, მიმართოს იმ ამბულატორიულ დაწესებულებას, სადაც არის რეგისტრირებული.

"შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული სერვისებით. გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე ბენეფიციარს შეუძლია მიმართოს იმ ამბულატორიას, სადაც არის რეგისტრირებული და ოჯახის ექიმის მიერ მოხდება შემთხვევის მართვა ბინის პირობებში," - აცხადებს ეკატერინე შარაძე.

დღის ამბები