საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ნათესავი ვასილ მხეიძე და მოადგილე გიორგი ხაინდრავა. ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვას და გირაოს ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე.
"დღევანდელ პროცესზე განხილულ იქნა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დაშვების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, დაახლოებით 135 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით ექსპერტიზა, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ აღნიშნული პირების ბრალეულობას,"- აცხადებს პროკურორი.
წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე. ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე ბრალდებულია უწყების შესყიდვების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური.