50 შეკვრა ჰაშიში 22 წლის ქალს სამალავებში დასადებად ჰქონდა გამზადებული. ნარკოტიკის კლიენტისთვის დატოვება ანასტასია ჩერნიხმა ვერ მოასწრო. მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და ადგილზევე დააკავეს.
ქურთუკის ჯიბეების გარდა, ნარკოტიკი პოლიციამ ახალგაზრდა ქალის სახლიდანაც ამოიღო.
ბოლო 48 საათში, ნარკოდანაშაულისთვის 75 პირია დაკავებული.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.
კოკაინი, ჰეროინი, ალფა-PVP, MDMA, სუბოტექსი, მეთადონი, ბუპრენორფინი, პრეგაბალინი, ლირიკა, მარიხუანა – სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილების ჩხრეკისას ამოიღეს.
"კურიერის" ინფორმაციით, რუსთავში პოლიციამ 55 წლის ქალი დააკავა. ირკვევა, რომ ის ამფეტამინის შემცველ სითხეს ამზადებდა და სისტემატურად ყიდდა.
ნარკოტიკის რეალიზაციისთვის არის დაკავებული თურქეთის მოქალაქეც – 24 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ ბათუმში, ჟიული შარტავას 32 ნომერთან აიყვანა. ჩატარებული პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას კოკაინი ამოიღეს. დანაშაულის კვალზე სამართალდამცველები საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შედეგად გავიდნენ.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები არიან კახეთის რეგიონშიც. პოლიცია ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მობილიზდა.
მასშტაბურ სპეცოპერაციამდე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ის კადრები გადაიღეს, რომელშიც დანაშაულის ფაქტები ჩანს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ კლიენტს ნარკოტიკს ხელიდან ხელში გადასცემდნენ, ან წინასწარ შერჩეულ სამალავში უტოვებდნენ.
ეს ფარული კადრები, ამოღებული ნარკოტიკი და ნივთიერი მტკიცებულებები – მათ შორის ელექტრონული სასწორები და წებოვანი ლენტები – ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა პირი, რომელიც ფარულ კადრებში ჩანს, დაკავებულია.
თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. ნარკოდანაშაულის საქმეზე დღის ბოლოს საგამოძიებო უწყებაში განცხადება გაკეთდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებულია თანხა და ცეცხლსასროლი იარაღიც.