მოლდოვის პოლიციამ, 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე მასობრივი არეულობის მოწყობის საქმეზე 50-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარა.
ოპერაცია ეროვნული საგამოძიებო ინსპექციის (INI) თანამშრომლებმა PCCOCS-ის პროკურორებთან და Fulger-ის სპეცრაზმთან ერთად განახორციელეს - იუწყება ადგილობრივი მედია.
მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა კიშინიოვსა და შტეფან ვოდას, შოლდანეშტის, ტელენეშტის, სოროკას, დროჩიას, სტრაშენის, იალოვენის, ჰანჩეშტის, ორჰეის და ცეადარ-ლუნგას რაიონებში, 21-დან 54 წლამდე ასაკის 35 მოლდოვის მოქალაქის სახლში.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები რეგულარულად მიემგზავრებოდნენ სერბეთში სასწავლო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თქმით, მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. სავარაუდოდ, წვრთნები უცხოელი ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ, "ბანია კოვილიაჩას" ბანაკში მიმდინარეობდა.
მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა, ჩხრეკის დროს მობილური ტელეფონები, SIM ბარათები, საბანკო ბარათები (მათ შორის რუსული ბანკების მიერ გაცემული) და უცხოური ვალუტა, მათ შორის 3,350 სერბული დინარი ამოიღეს. პოლიციის ცნობით, მათ ასევე აღმოაჩინეს 20-ზე მეტი ბიომეტრიული პასპორტი სერბეთის საზღვრის გადაკვეთის შტამპებით, რადიოები, ბინოკლები, კალაშნიკოვის ავტომატის მაკეტი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა.
ყველა ნივთი გამოძიებას პოტენციური მტკიცებულების სახით გადაეცა.