19 ივნისი 2026,   03:58
ვრცლად
კორუფციული სკანდალი ევროკავშირში - თაღლითობისა და კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის მაღალჩინოსნებს ბრალდება ოფიციალურად წარედგინათ

თაღლითობისა და კორუფციის საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის მაღალჩინოსნებს ბრალდება ოფიციალურად წარედგინათ. მძიმე ბრალდებაში დადანაშაულებულებმა გამოძიებას პირობა მისცეს, რომ ქვეყანას არ დატოვებენ და არ მიიმალებიან - სამივე პირი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდა.

ევროკავშირის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები გუშინ დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შესაძლოა ევროკავშირის თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ბრიუსელსა და ბრიუგეში განვითარებულ მოვლენებს, თბილისში, თაღლითობისა და კორუფციის კიდევ ერთ ლუსტრაციას უწოდებენ.

ბელგიის გამოძიება ახლა იმის დადგენას ცდილობს, იყო თუ არა ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის მიერ დიპლომატიური აკადემიისთვის 2021-2022 წლებში გამოცხადებული ტენდერი საჯარო. გამოძიების ვარაუდით, ფედერიკა მოგერინის გარემოცვამ, წინასწარ, ტენდერის საჯაროდ გამოცხადებამდე, დაახლოებით 4 მილიონ ევრომდე ღირებულების შენობა შეიძინა, რომელშიც შემდგომ ევროკავშირის საგარეო სამსახურმა დიპლომატიური აკადემია განათავსა. სავარაუდოდ, სწორედ მოგერინისთან დაკავშირებულმა პირებმა კანონდარღვევით წინსწრებით მიიღეს ინფორმაცია ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ. ევროკავშირის მაღალჩინოსნების სკანდალთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი გამოძიების დასრულებას ელოდება, ნაწილს კი საუბარი არ სურს.

როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, ევროკავშირის მასშტაბით მიმდინარე გამოძიებაც ადასტურებს, რომ ევროპული ბიუროკრატიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კორუფციაა.

მიმდინარე გამოძიება ევროკავშირის სტრუქტურებისთვის პირველი კორუფციული სკანდალი არ არის. 2022 წლის დეკემბერში დაიწყო "კატარგეიტის" სახელით ცნობილი საქმე. გაირკვა, რომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სპარსეთის ყურის ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ კატარისგან ქრთამის იღებდა.

საქმეში ევროდეპუტატები, მათი თანაშემწეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამოღებულია მილიონ ნახევარ ევროზე მეტი ნაღდი ფული. კორუფციული სკანდალების ჩამონათვალშია ევროკავშირის მაღალჩინოსნების გავლენით ტექნოლოგიურ კომპანია ""უავეისთან" ვაჭრობაც. ბელგიის ხელისუფლებამ ამ კონკრეტულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით ხუთი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა.

დღის ამბები